პრემიერი – ოკუპანტების მიერ აღმართული მავთულხლართები ერთმანეთს აშორებს ქართულ ოჯახებსა და თემებს
პრემიერ-მინისტრმა გაერო-ს 71-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, ოკუპაციის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მავთულხლართები და გამყოფი კონსტრუქციები ქართულ ოჯახებსა და თემებს ერთმანეთს აშორებს.
მისივე თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა განიცდის მუდმივ დისკრიმინაციას და ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებს. პრემიერი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნების ჩატარების ფაქტსაც გამოეხმაურა. “შეზღუდულია მათი გადაადგილებისა და საკუთრების უფლებები. მათ მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობაც კი არა აქვთ. მე ვგმობ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის სახელმწიფო დუმას არჩევნების ჩატარების ფაქტს, როგორც მოსკოვის მხრიდან ანექსიისკენ გამიზნული პოლიტიკის ფარგლებში გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯს. ყველაფერი ეს კი ხდება საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმის არარსებობის პირობებში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შეზღუდული საქმიანობის ჩათვლით, რომელსაც უარი ეთქვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლაზე. მიმდინარე ოკუპაცია და ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომელიც ჩვენმა მთავრობამ მემკვიდრეობით მიიღო”,-განაცხადა პრემიერმა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველო ცდილობს რუსეთთან ისეთი ურთიერთობების დამყარებას, რომლის ფარგლებშიც რეალური მუშაობა იქნება შესაძლებელი. “ჩვენ მივაღწიეთ კონკრეტულ შედეგებს დაძაბულობის შემსუბუქების კუთხით, თუმცა, საქართველოს ყველა ნაბიჯს ჯერ არ მოჰყოლია საპასუხო მოქმედება. რუსეთის ფედერაცია აგრძელებს 2008 წელს ევროკავშირის შუამდგომლობით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმების პირობების დარღვევას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ეს კონფლიქტი უნდა მოგვარდეს მშვიდობიანი გზებით, საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემით”,-აღნიშნა კვირიკაშვილმა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო მომავალშიც მოახდენს რეაგირებას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის პრობლემებზე და გააერთიანებს საოკუპაციო ხაზის გაყოლებაზე ერთმანეთთან იძულებით დაშორებულ მოსახლეობას. “ამ მიზნით ჩვენ ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომს გავხდით ჩვენი ევროპული დღის წესრიგით გათვალისწინებულ ყველა სარგებელსა და ეკონომიკურ შესაძლებლობას. ერთიანი საქართველოს ნათელი მომავლისკენ მიმართული ჩვენი ძალისხმევა იქნება ნდობის აღდგენისა და შერიგების კიდევ ერთი სტიმული”,-განაცხადა პრემიერმა.