პაატა ბურჭულაძის პარტია მესტიის შტაბის სრულმა შემადგენლობამ დატოვა

პაატა ბურჭულაძის პარტია “სახელმწიფო ხალხისთვის” მესტიის რაიონის შტაბის სრულმა შემადგენლობამ დატოვა.
მესტიის ორგანიზაციის უკვე ყოფილი აღმასრულებელი მდივნის, ნოდარ საბანაძის განცხადებით, 60-მდე წევრი ბურჭულაძის პარტიას კოალიციური შემადგენლობის გამო გაემიჯნა.
მისივე ინფორმაციით, ამჟამად მესტიაში პარტიის “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისათვის“ ორგანიზაცია დაკეტილია და მესტიაში ბურჭულაძის პარტიის შტაბი აღარ არსებობს. მიზეზად საბანაძე კოალიციურ შემადგენლობას და მათ ხედვებს ასახელებს.
“როდესაც პარტია შექმნა, ახალი სახე გვეგონა ბურჭულაძე, რომელიც გაუსვრელი იყო და სუფთა ფურცლიდან იწყებდა. დიდი სიხარულით, ენერგიით, ხალისით გვერდში ვედექით. თუმცა, ბოლო დროს სიტუაცია აირია. დღეს ჩემს ადგილს ამ პარტიაში ვერ ვხედავ. არ მინდა, მათთან არანაირი კავშირი მქონდეს. არ მომწონს არც კოალიციური შემადგენლობა და არ ვეთანხმები არც მათ ხედვებს. არ გვინდოდა, პარტიის ხელმძღვანელთან შეხვედრის გარეშე ამ ნაბიჯის გადადგმა, თუმცა კავშირის მცდელობის მიუხედავად, მათთან კომუნიკაცია შეუძლებელი აღმოჩნდა“,-განაცხადა საბანაძემ.
​მისივე თქმით, მესტიის შტაბის წევრები სხვა პარტიაში არ გადასულან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები