„ნაციონალები“, „ლეიბორისტები“ და პაატა ბურჭულაძის პარტია „ქართული ოცნების“ მემორანდუმს ხელს არ მოაწერენ

„ნაციონალური მოძრაობა“, პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ და „ლეიბორისტული პარტია“ „ქართული ოცნების“ ე.წ. მშვიდობის მემორანდუმზე ხელის მოწერას არ აპირებენ.„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ასეთ მემორანდუმზე საუბარი ცინიკურია მაშინ, როდესაც კორცხელის ინციდენტი ჯერ კიდევ გამოუძიებელია.
„უკიდურესად ცინიკურია ამ საარჩევნო კამპანიის ფონზე ასეთ მემორანდუმზე საუბარი, მაშინ, როდესაც კორცხელის საქმე ჯერ კიდევ გამოუძიებელია. მაშინ, როდესაც ჩემს საარჩევნო ოლქში ბანერი არ გააჩერეს და ამომრჩეველს ყოველდღიურად აშინებენ, რომ შეხვედრაზე არ გამოვიდნენ. მთავარი მემორანდუმი, რომელიც ქართველმა ხალხმა „ქართულ ოცნებას“ უნდა გაუფორმოს, ეს იქნება 8 ოქტომბერს“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
ე.წ. მშვიდობის მემორანდუმს ხელს არ აწერს კიდევ ერთი პარტია. როგორც ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩის“ საარჩევნო ბლოკის „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ წევრი იაგო ხვიჩია აცხადებს, საარჩევნო გარემოს მშვიდობიან წარმართვაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებას ეკისრება. მისი თქმით, მათი პარტიის ლიდერი და წევრები მოაწერენ თუ არა ხელს მემორანდუმზე, ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს.
„ამ მემორანდუმს ხელს მოვაწერთ თუ არ მოვაწერთ, არანაირი პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან წინასაარჩევნო გარემოზე და ასევე არჩევნების მშვიდობიანად ჩატარებაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებას ეკისრება. ჩვენს პარტიას აქვს თავისი მორალი და ზუსტად ვიცით, როგორ არ უნდა მოვიქცეთ ამ მორალის საწინააღმდეგოდ. მაგრამ თუ ვიღაცა მოიქცევა ცუდად, ამასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის დაკისრება თუნდაც იმ პარტიაზე, ვისი წევრებიც ცუდად იქცევიან, არის აბსურდი. ეს პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ხელისუფლებამ. მან უნდა გამოიყენოს თავისი რესურსი იმისთვის, რომ ყველაფერი ჩაატაროს მშვიდობიანად“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.
მემორანდუმს ხელს არც ლეიბორისტული პარტიის ლიდერი მოაწერს. ამის შესახებ „კვირას“ პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს.
შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ე.წ. მშვიდობის მემორანდუმი გაასაჯაროვა.„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მემორანდუმის მიზანია კონტრაქციებისა და ძალადობის პროვოცირების თავიდან აცილება.
მმართველი გუნდის მიერ პოლიტიკური პარტიებისთვის შეთავაზებული მემორანდუმის მიხედვით, არჩევნებში მონაწილე სუბიექტები თანხმდებიან, რომ უზრუნველყოფენ მათი აქტივისტების დისტანცირებას სხვა პარტიების მიერ ან მის მხარდასაჭერად გამართული აქციისგან და მიიღებენ ყველა ზომას, რათა არ დაუშვან მათი აქტივისტების მხრიდან სხვა საარჩევნო სუბიექტის მიერ გამართული ღონისძიების ხელშეშლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები