თავდაცვის მინისტრმა 90 სამხედრო მოსამსახურეს ბინები გადასცა (ფოტოკოლაჟი)
ვარკეთილში მდებარე სამხედრო ქალაქში საცხოვრებელი ბინა ამჯერად 90-მა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო. ბინების განაწილება კენჭისყრის მეშვეობით განხორციელდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სამხედრო მოსამსახურეების პირველ ათეულს ახალი ბინის გასაღები პირადად გადასცა. მან ახალ მობინადრეებს საცხოვრებელი ფართის მიღება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
ჟურნალისტებთან საუბრისას თავდაცვის მინისტრმა ყურადღება სამხედრო მოსამსახურეებისათვის სათანადო პირობების შექმნის საკითხზე გაამახვილა.
„ერთ-ერთ პრიორიტეტად ვსახავთ, რომ სამხედრო მოსამსახურეებს სოციალური პირობები ჰქონდეთ მაქსიმალურად ისეთი, რომ ღირსეულად განახორციელონ საკუთარი სამსახური. ეს ხალხი არის ყველაზე მეტად დასაფასებელი სახელმწიფოს მხრიდან, აღებული აქვთ, მართლაც, უდიდესი პასუხისმგებლობა როგორც ქვეყნის, ისე ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე. ამიტომ, პროცესები, სოციალური სახელმწიფოს პრინციპიდან გამომდინარე, დამოკიდებული იქნება იმ შესაძლებლობებზე, რაც ბიუჯეტით იქნება განსაზღვრული და, ამ შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმუმს გავაკეთებთ მათთვის“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ბინების სამხედრო მოსამსახურეებისთვის გადაცემის პროცესი გაგრძელდება. „იგეგმება 270 ოჯახისთვისაც მსგავსი ბინების გადაცემა და ბუნებრივია, ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება, რომ სახელმწიფომ ბოლომდე შეასრულოს ის ვალდებულება, რაც საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეებისთვის ბინების საკუთრებაში გადაცემას ნიშნავს“, – აღნიშნა ლევან იზორიამ.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 90 მოქმედ და ყოფილ სამხედრო მოსამსახურეს საცხოვრებელი ბინები აბაშვილის ქუჩის N3-ში მდებარე სამხედრო ქალაქის V, VI, IX, X კორპუსებში გადაეცათ. ბინების გადაცემის ცერემონიალს სამხედრო მოსამსახურეები ოჯახის წევრებთან ერთად დაესწრნენ.
„სამხედრო მოსამსახურეებისთვის საცხოვრებელი ბინების სამსახურეობრივ სარგებლობაში/საკუთრებაში გადაცემისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ თავდაცვის მინისტრის 04/04/2014 წლის ბრძანების საფუძველზე შექმნილმა კომისიამ გადაწყვეტილების მიღების დროს 04/04/2014 წლის და 26/06/2016 წლის ბრძანებებში განსაზღვრული კრიტერიუმებით იხელმძღვანელა.
ამ ეტაპზე კომისიამ საცხოვრებელი ფართით ის პირები დააკმაყოფილა, რომლებმაც იმსახურეს და დაასრულეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 19 მარტის ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტი. რადგან გასანაწილებელი ბინების რაოდენობა შეადგენდა 90-ს, კომისიამ ამ ეტაპზე 1019 კაციდან პირველი 400 პირის მონაცემი დაამუშავა და 90 პირი შეარჩია.
სამხედრო მოსამსახურეების შერჩევისას კომისიის წევრებმა შემდეგი კრიტერიუმები გაითვალისწინეს: ნამსახურობის წლები, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობის დაზიანება და გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი, საარსებო შემწეობის მიმღების სტატუსი, მრავალშვილიანის სტატუსი და ა.შ. მინისტრის ბრძანების თანახმად, ყველა კრიტერიუმს გარკვეული ქულა შეესაბამება. სამხედრო მოსამსახურეების შერჩევაც სწორედ ქულათა ჯამის თანმიმდევრობის შესაბამისად მოხდა.
სამხედრო ქალაქის ახალ მობინადრეებს შორის ოთხ სამხედრო მოსამსახურეს შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე შვილი ჰყავს, ხოლო სამს – ოთხი და მეტი შვილი.
საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეებზე ბინების საკუთრებაში გადაცემის პროცესი 2013 წელს დაიწყო. თავდაცვის სამინისტროს საცხოვრებელი ბინით (არაუმეტეს 40 კვ.მ) დაკმაყოფილების ვალდებულება გააჩნდა 2045 ფიზიკურ პირთან, რომლებმაც იმსახურეს და დაასრულეს კონტრაქტი. თავდაცვის სამინისტრომ ვალდებულება უკვე შეასრულა 996 პირთან. რეკომენდაციებისა და შუამდგომლობების შესრულების შემდეგ, ბინით დაკმაყოფილების ვალდებულება თავდაცვის სამინისტროს დარჩება 930 ყოფილ და მოქმედ სამხედრო მოსამსახურესთან.