აშშ-ის სენატორი – ქართველი ერის თავდადებამ, საქართველო რეგიონის გამორჩეულ ქვეყნად აქცია
ამერიკელმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა კონგრესში საქართველოსთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, რომელიც კონგრესის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
სენატორი აშშ-ის სენატის პრეზიდენტს მიმართვას უგზავნის და აცხადებს, რომ ის საქართველოს სუვერენიტეტს, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას, მხარდაჭერას უცხადებს.
სენატორი მიმართვაში აღნიშნავს, რომ განსაკუთრებული ყურადღების ღირსია საქართველოსთან არსებული მყარი პარტნიორობა უსაფრთხოების სფეროში.
“ბატონო პრეზიდენტო, საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების სანდო მეგობარი და ერთგული პარტნიორია.
მე მტკიცე მხარდაჭერას ვუცხადებ საქართველოს სუვერენიტეტს, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას და მინდა მივულოცო ქართველებს ის შთამბეჭდავი პროგრესი, რომელსაც მათ მიაღწიეს დემოკრატიისა და ეკონომიკის დარგში. ეს პროცესი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დამოუკიდებლობის 25 წლის მანძილზე გრძელდებოდა.
განსაკუთრებული ყურადღების ღირსია საქართველოსთან არსებული მყარი პარტნიორობა უსაფრთხოების სფეროში. ამ ქვეყნის შეაიაღებული ძალები მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოში მიმდინარე საერთაშორისო მისიებში იღებენ მონაწილეობას, მათ შორის, ავღანეთის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში, სადაც საქართველოს შეიარაღებული ძალების ხვედრითი წილი NATO-ს ყველა სხვა არა-წევრი სახელმწიფოსაზე მაღალია. ჩემთვის ცნობილია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დიდად აფასებს ამ მისიებში საქართველოს მიერ შეტანილ წვლილსა და გაღებულ მსხვერპლს.
ერთობლივი უსაფრთხოების განმტკიცების, საქართველოს მდგრადობისა და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისა და რეგიონალური და მსოფლიო უშიშროების უზრუნველსაყოფად, აშშ და საქართველო კიდევ უფრო მჭიდროდ თანამშრომლობენ. ამ თვალსაზრისით, მე გამოვთქვამ შეშფოთებას იმის, გამო, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია ჯერ კიდევ გრძელდება და მჯერა, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები. აშშ უცვლელად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს. იგი ეხმარება საქართველოს NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანებასა და ევროპულ ინსტიტუტებთან სრულ ინტეგრაციაში.