გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი იმისათვის, რომ რეგიონებში გაჭირვება საბოლოოდ აღმოვფხვრათ

“ჩვენ არ ვართ დღესდღეობით ძალიან მდიდარი ქვეყანა და ჩვენი ბიუჯეტი არ არის ყოვლისშემძლე, მაგრამ ჩვენ გავაკეთეთ ის, რომ ყველა ადამიანის ჯანდაცვაზე ვიზრუნეთ“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ჩოხატაურში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას, სადაც პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი – ნინო წილოსანი წარუდგინა.
მთავრობის მეთაურის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილმა, სიტყვით გამოსვლისას, ქვეყანაში არსებულ წინაასარჩევნო გარემოზე, განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
“ჩვენ არ ვართ დღესდღეობით ძალიან მდიდარი ქვეყანა და ჩვენი ბიუჯეტი არ არის ყოვლისშემძლე, მაგრამ ჩვენ გავაკეთეთ ის, რომ ყველა ადამიანის ჯანდაცვაზე ვიზრუნეთ, ყველა ადამიანის ჯანმრთელობა გახდა სახელმწიფოს საზრუნავი და აღარ არის საჭირო ქონების გაყიდვა იმისათვის, რომ იმკურნალო. ჩვენ გავაკეთეთ ის, რომ საქართველოს სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ძალიან დიდი ნაწილი არის დამუშავებული, გასარწყავიანება გაიზარდა ორჯერ საქართველოში და ეს არის პირდაპირ მისული შემოსავალი სოფლად მცხოვრები ადამიანებისთვის. რა თქმა უნდა, ეს არ არის ყველაფერი და ჩვენ ერთი წამით არ გვიფიქრია, რომ მივაღწიეთ საწადელს. ჩვენ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი იმისათვის, რომ რეგიონებში ის გაჭირვება აღმოვფხვრათ საბოლოოდ, რომელიც დღეს კიდევ არსებობს,”-აღნიშნა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა ჩოხატაურის მოსახლეობას ქვეყნის სწრაფი განვითარების გეგმა გააცნო, რაც, მისი თქმით, საქართველოს ახალ სივრცით მოწყობას ანუ ინფრასტრუქტურულ განვითარებას გულისხმობს.
“ეს იქნება ახალი საქართველო, აბსოლუტურად განსხვავებული ევროპული ხარისხის ინფრასტრუქტურით და ეს არის რეალობა. უნდა აშენდეს უამრავი ხიდი, გვირაბი, ავტობანი, რაიონული გზები, სოფლებთან დამაკავშირებელი გზები და ეს მარტო გზების მშენებლობა არ არის. ეს არის გაზიფიცირების დასრულება – არ უნდა დარჩეს სოფლები ბუნებრივი აირის გარეშე, სადაც ფიზიკურად შესაძლებელია, რომ მიყვანილი იქნას ის”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველოს მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს ყველაზე დიდი პრიორიტეტი უნდა იყოს მომავალი თაობის განათლება, რის გარეშეც შეუძლებელია წინსვლაზე საუბარი.
“დღეს თუ ჩვენ არ დავხარჯეთ რესურსი, თუ არ ჩავდეთ ინვესტიცია იმაში, რომ პედაგოგი იყოს წელში გამართული, იმაში რომ ბავშვებმა ისწავლონ ნორმალურად მოწყობილ ინფრასტრუქტურაში, ნორმალურ სკოლებში, საბავშო ბაღებში, შეუძლებელია რაიმე მომავალზე ლაპარაკი. ამიტომ, ვაცხადებთ, განათლება იქნება ნომერ პირველი პრიორიტეტი და, რა თქმა უნდა, ჯანდაცვის პროგრამები გაგრძელდება, ინფრასტრუქტურა განახლდება და სახელმწიფო გახდება ადამიანზე ორიენტირებული კიდევ უფრო მეტად,”- განმარტა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა ჩოხატაურელებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა და ხაზი გაუსვა, რომ არჩევნებამდე დარჩა 20 დღე , რომელმაც უნდა განაპირობოს მომავალი 4 წლის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი ქვეყანაში, განვითარება და იმ კეთილდღეობის თითოეულ ოჯახამდე მიტანა, რომელიც საქართველოში შეიქმნება.
“ეს იქნება საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პერიოდი და მე ნამდვილად არ მეშინია ამის თქმის, გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ პროფესიონალების, გულანთებული ადამიანების გუნდი ვართ. დარწმუნებული ვარ, ჩვენი პროფესიონალიზმით, სამშობლოსადმი სიყვარულით, ამას შევძლებთ. სამშობლოს სიყვარული იწყება, პირველ რიგში, ერთი რიგითი ადამიანის სიყვარულიდან და ეს უნდა გვახსოვდეს. თუ შენ არ გიყვარს ერთი უბრალო, რიგითი ადამიანი, თუ არ შეგიძლია მისი ტკივილის მიტანა გულთან, მაშინ შენგან ძალიან შორს არის სამშობლოს სიყვარული და საერთოდ საუბარი არ შეიძლება იმაზე, რომ შენ სამშობლოსთვის რამის გაკეთება გსურს. ჩვენ ვართ ძალიან დიდი პოტენციის მატარებელი ქვეყანა და ჩვენ ეს პოტენცია უბრალოდ უნდა ავამუშაოთ,”-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჩოხატაურში გამართულ შეხვედრაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები