გიორგი კვირიკაშვილი: დღეიდან 4 წლის თავზე დავდებთ სერიოზულ შედეგს – ეს იქნება ახალი საქართველო

გეოგრაფიული მდებარეობა აღარ იქნება დაბრკოლება, რომ მოქალაქემ მიიღოს აუცილებელი სერვისები ან  კერძო ბიზნესმენმა აწარმოოს ბიზნესი. საქართველოს ყველა წერტილში თანაბრად იქნება საჭირო ინფრასტრუქტურა, იმისათვის, რომ ყველა მომსახურება, მათ შორის სოფლებში,  ხელმისაწვდომი იყოს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლანჩხუთის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორც „კვირას“ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდან“ აცნობეს, პარტიის თავმჯდომარემ ლანჩხუთელებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი – ნინო წილოსანი წარუდგინა და მათ მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის – ქვეყნის სივრცითი მოწყობის შესახებ ესაუბრა.
“გუშინ, ჩვენ წარვადგინეთ ჩვენი რეფორმების განვითარების გეგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება, ეს არის ქვეყნის სივრცითი მოწყობის ანუ ინფრასტრუქტურული განვითარების გეგმა. უნდა ვთქვა, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არც ერთ ხელისუფლებას არ ჰქონია ასეთი ამბიციური, ასეთი მნიშვნელოვანი განვითარების გეგმა, რომელიც დროის მოკლე პერიოდში, ანუ შემდეგი 4 წლის განმავლობაში, გულისხმობს საქართველოს გადაქცევას თვისობრივად ახალ ქვეყნად. გეოგრაფიული მდებარეობა, აღარ იქნება დაბრკოლება იმისა, რომ ყველა მომსახურება, მათ შორის სოფლებში, იყოს ისევე ხელმისაწვდომი, როგორც ეს არის დღეს ქალაქებში. სწორედ ეს არის ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი პრობლემა, რომ ცხოვრების დონე არის განსხვავებული ქალაქებში და სოფლად. სოფლად არის დიდი გაჭირვება და სწორედ ამ გეგმის მეშვეობით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ 4 წლის განმავლობაში მოვახდენთ ნამდვილ ეკონომიკურ გარღვევას და მნიშვნელოვნად შეიცვლება სოფლად ცხოვრების დონე. სწორედ ეს არის ჩვენი მომავლის გეგმების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება”, – აღნიშნა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა ამომრჩეველს მხარდაჭერისკენ და საერთო მიზნებისთვის გაერთიანებისკენ მოუწოდა.
“ჩვენ უნდა გავერთიანდეთ ერთი, საერთო მიზნის გარშემო, მთელი საზოგადოება, მათ შორის ისინიც, რომლებიც დღეს სხვაგვარად ფიქრობენ, დარწმუნებული ვარ, ჩვენთან ერთად დადგებიან და მთელი საქართველო ერთად  4 წლის თავზე დავდებთ სერიოზულ შედეგს. ეს შედეგი იქნება  ახალი საქართველო საუკეთესო ტრადიციებით, ეროვნული ფასეულობებით, თანამედროვე ინფრასტრუქტურით, თანამედროვე განათლების სისტემით და მთავრობით, რომელიც იქნება თითოეული ადამიანის საჭიროებაზე ორიენტირებული”, – განაცხადა პრემიერმა.
სიტყვით დასასრულს, საქართველოს მთავრობის მეთაურმა მსოფლიოს ჭაბუკთა ჩემპიონს, ლანჩხუთელ გიორგი ჩოთაძეს წარმატებული ასპარეზობა მიულოცა.
“მინდა მივესალმო ჩვენს ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონს, გიორგი ჩოთაძეს, რომელმაც საქართველოს სახელი გაიტანა მთელი მსოფლიოს მასშტაბით”, -აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები