გიორგი კვირიკაშვილი: სვანეთი აღარ იქნება მხოლოდ ზაფხულის მიმართულება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყნის სივრცითი მოწყობის გეგმა წარმოადგინა.
როგორც პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საქართველოს ისტორიული ტერიტორიები ოკუპირებულია.
“დაგეგმილი გვაქვს ძალიან აქტიური, კონკრეტული ნაბიჯები შერიგების პროცესის დასაჩქარებლად. გვჯერა, ეს ჰორიზონტალური მაგისტრალიც რეალობა გახდება და რამდენადმე გაზრდის საქართველოს მთიანი რეგიონების ხელმისაწვდომობას და ცხოვრების დონეს ხარისხობრივად მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. ეს იქნება ლენტეხი–მესტიის დამაკავშირებელი 38-კილომეტრიანი გზა და 6 კმ. გვირაბი. ამ გვირაბის აშენების შემდეგ, უკვე შესაძლებელი გახდება, დასავლეთიდან აღმოსავლეთის უკიდურეს წერტილამდე, მთიანი რეგიონების გავლით მოგზაურობა. მიმდინარეობს დეტალური პროექტირების სატენდერო პროცედურები. ამ გზისა და გვირაბის აშენების შემთხვევაში, სვანეთი აღარ იქნება მხოლოდ ზაფხულის მიმართულება. შესაძლებელი გახდება სვანეთში მგზავრობა ზამთარშიც და უამინდობაშიც, რაც გააუმჯობებს სვანეთის მოსახლეობის საცხოვრებელ პირობებს და გაზრდის სვანეთის მიმზიდველობას ტურისტებისთვის. ეს კი გაზრდის ტურისტთა რაოდენობას წლის განმავლობაში, ნებისმიერ დროს, მესტიის და უშგულის გარდა, დატვირთავს სვანეთის სამთო–სათხილამურო კურორტებს – თეთნულდს და ჰაწვალს. ბუნებრივია, შედეგად სვანეთში უნდა ველოდოთ ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნას, ახალ ინვესტიციებს და რაც მთავარია, ახალ სამუშაო ადგილებს”, – აღნიშნა პრემიერმა.
მისი თქმით, ამავე ღერძის შესაკვრელად ასაშენებელი იქნება დუშეთი–ახალგორი–ცხინვალის გზის მონაკვეთი.
“სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, ამ გზის ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფება, მაგრამ ჩვენ გვჯერა, დადგება დრო, როდესაც შერიგების პროცესის შედეგად, შევძლებთ, სრულად ჩავრთოთ ეს ინფრასტრუქტურა ქვეყნის მშენებლობისა და განვითარების პროცესში. ღერძი 5 – ყარსი–ნინოწმინდა – ჯავა – ამ ღერძის პრაქტიკულად ყველა მონაკვეთი არსებობს. ოკუპაციის პრობლემის გამო, შეუძლებელია ამ მონაკვეთების სრულად გამოყენება. ღერძი 6 – ასევე ძალიან საინტერესო და პერსპექტიული ღერძი – ახალციხე – მესტია. ეს მარშრუტი ხელმისაწვდომი გახდება ლენტეხი–მესტიის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის და გვირაბის და ასევე ბაღდათი – აბასთუმანი 60კმ.-იანი ახალი მონაკვეთის აშენების შედეგად. ამ გზის სრულად ამოქმედების შემდეგ, ქუთაისი შესაძლოა, პოტენციურად გახდეს თბილისის მნიშვნელობის ქალაქი – ფუნქციონალურად, ურბანულად განვითარდეს იმ დონემდე, რომ გახდეს ისეთივე მიმზიდველი, როგორც არის თბილისი, ცხოვრების თვალსაზრისით. ეს არის აბსოლუტური რეალობა, ვინაიდან ამ მიმართულებით განსაკუთრებულ ძალისხმევას ვგეგმავთ. ქუთაისის აეროპორტში სექტემბრის ბოლოდან, ჩაირთვება 7 ახალი რეისი ევროპის მიმართულებით და წვდომა ქუთაისისადმი გახდის მას კიდევ უფრო საინტერესოს ტურისტებისთვის, ბიზნესისა და კერძ სექტორის წარმომადგენლებისთვის. ახალი უნივერსიტეტი, სტუდენტური ქალაქი, რომელიც 60 ათას სტუდენტზე იქნება გათვლილი და აშენდება ქუთაისის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთიათად გაზრდის ქუთაისისადმი ინტერესს და მისი, როგორც საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ურბანული ცენტრის მნიშვნელობას”, – განაცხადა პერმიერმა.
მისი თქმით, შავი ზღვის ღერძი – სარფი–გაგრა-შემოვლითი გზით შემოუვლის რამსარის ტერიტორიას.
“ვინაიდან, გარემოს დაცვა ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და ეს ღერძი შეიკვრება ბათუმის, ქობულეთის შემოვლითი გზების, ჩოლოქი–გრიგოლეთი–ფოთის და სენაკი–ანაკლიას გზების აშენების შემდეგ. ჩვენ გვჯერა, დადგება დრო, როდესაც ამ გზის აფხაზეთის მონაკვეთი ასევე ჩაერთვება ქვეყნის მშენებლობისა და განვითარების ამ დიდ მანქანაში, რომლის აშენებასაც მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ვგეგმავთ”, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები