გიორგი კვირიკაშვილი: არსებული ტემპით გაგრძელების შემთხვევაში, 2020 წლისთვის 8 მლნ. ვიზიტორი გვეყოლება

ხელისუფლება სატრანზიტო–სატვირთო საგზაო ინფრასტრუქტურის გარდა, ტურისტულად საინტერესო საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას გეგმავს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყნის სივრცითი მოწყობის გეგმის წარდგენისას განაცხადა.
“როგორც ყველასთვის ცნობილია, საქართველოში მუდმივად იზრდება ტურისტთა რაოდენობა. მხოლოდ წელს ტურისტთა რაოდენობა გაიზარდა 18%–ით წინა წლებთან შედარებით. 2020 წლისთვის, არსებული ტემპით გაგრძელების შემთხვევაში, გვეყოლება 8 მლნ. ვიზიტორი. 2015 წლის მონაცემებით, ტურისტთა თითქმის ნახევარი ეწვევა თბილისს, 40%–ზე მეტი ჩადის აჭარაში, 17% ქვემო ქართლში, მხოლოდ 13 პროცენტი მცხეთა–მთიანეთში და 7 პროცენტი კახეთში. სხვა რეგიონებში საერთო ნაკადის მხოლოდ 2–3 პროცენტი ჩადის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დისპროპორცია აღმოსაფხვრელია და ამისთვის არის ეს რეფორმა, რომ ყველა რეგიონში ტურიზმი გახდეს მიმზიდველი სფერო და მოსახლეობამ მიიღოს საფუძველი ქვეყანაში ჩამოსული ტურისტების რაოდენობის ზრდით”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისი თქმით, იმისთვის, რომ ეს ვითარება შეიცვალოს და ტურისტების სტაბილური ნაკადები შეიქმნას ყველა რეგიონში, ხელისუფლებას დაგეგმილი აქვს ტურისტულად საინტერესო ახალი გზების აშენება.
“ვგეგმავთ ხულო – ზარზმა 47 კმ.-იანი 2-ზოლიანი მონაკვეთის მშენებლობას. ამ მონაკვეთის აშენებით შესაძლებელი იქნება თბილისიდან წალკის, ნინოწმინდა, ახალქალაქი–ასპინძის და გოდერძის უღელტეხილის გავლით, ზემო აჭარაში მოხვედრა და იქიდან ბათუმში გადასვლა. ამ მარშრუტის სიახლოვეს განლაგებულია ულამაზესი ტბები – ფარავნისა და საღამოს ტბა, ფოკის და ზარზმის მონასტრები, სამცხე–ჯავახეთის ძეგლები, როგორებიცაა საფარა, რაბათი, ვარძია, ხერთვისი. ამავე გზით შესაძლებელი იქნება გოდერძის სათხილამურო კურორტზე ასვლა და 1,5 საათში ბათუმში შავი ზღვის სანაპიროზე გასვლა. ახალი გზა გააუმჯობესებს სხვადასხვა ტურისტული ადგილების მისაწვდომობას, რაც უდაოდ გამოიწვევს აღნიშნულ ადგილებში ახალი შეთავაზებების გაჩენას, ინვესტიციების მოზიდვას, შიდა და საერთაშორისო ტურისტული ნაკადის ზრდას და ყოველივე აქედან გამომდინარე,  ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდას”,- განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები