გიორგი კვირიკაშვილი: GPS ნავიგაციის სისტემაში საქართველოს ინფრასტრუქტურის მონაცემთა ბაზა იქმნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ხელისუფლებამ ახალ პროექტზე მუშაობა დაიწყო, რის თანახმადაც, საქართველოს მთელი ინფრასტრუქტურის GPS ნავიგაციის სისტემაში მონაცემთა ბაზა ე.წ „ქლაუდი“ შეიქმნება.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა სასტუმრო “რუმსში” საქართველოს სივრცითი მოწყობის პროექტის პრეზენტაციის დროს სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, დაწყებულია ახალ მონაცემთა ბაზაზე მუშაობა, რომელიც თავსებადი იქნება მსოფლიოში არსებულ ყველა აპარატთან და მოწყობილობასთან.
“ორი დღის წინ დავიწყეთ ახალ პროექტზე მუშაობა, საქართველოს მთელი ამ ინფრასტრუქტურის GPS ნავიგაციის სისტემაში მონაცემთა ბაზა ე.წ „ქლაუდი“ შეიქმნება, რომელიც თავსებადი იქნება მსოფლიოში არსებულ ყველა აპარატთან და მოწყობილობასთან. ნებისმიერი სისტემით, რომელიც მთელ მსოფლიოში არსებობს, შესაძლებელი იქნება, საქართველოში ნებისმიერ სასაზღვრო პუნქტთან ჩამოსვლა და ამ მონაცემთა ბაზაში ყველა წერტილი, ყველა მოსახვევი, პატარა თუ დიდი გზა იქნება დიდი სიზუსტით. ამ პროექტის მეშვეობით საქართველოში ტურიზმი აბსოლუტურად განსხვავებული გახდება. ნებისმიერი ტურისტი შეძლებს, GPS ნავიგაციის მეშვეობით, მივიდეს ნებისმიერ წერტილში. ნავიგაციის მეშვეობით მოიძიოს ტურისტული მიმართულებები, სასტუმროები, რესტორნები, ბენზინგასამართი სადგურები თუ ავტოპარკინგი. საფოსტო კოდების მეშვეობით შეეძლება მივიდეს ნებისმიერ წერტილში და ეს ყველაფერი  საქართველოში ჩამოსვლას  ხარისხობრივად განსხვავებულს გახდის. ვფიქრობთ, ეს იქნება კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი საქართველოს სივრცითი მოწყობისა და ტურიზმის განვითარებისა”, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები