საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობა 2017 წლისთვის არ შეიცვლება

გადაწყდა, რომ შეიარაღებული ძალების რაოდენობა დარჩეს ის, რაც იყო, ანუ არა უმეტეს 37 000-სა . ამის შესახებ გენერალური შტაბის უფროსმა, ვახტანგ კაპანაძემ ჟურნალისტებს უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. აღნიშნულ საკითხზე უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს, სადაც მომხსენებლები თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე იყვნენ.
“გადაწყდა, რომ შეიარაღებული ძალების რაოდენობა დარჩეს ის, რაც იყო, ანუ არა უმეტეს 37 000-სა. ეს არის ის რაოდენობა, რომელსაც არ სჭირდება დამატებითი შეთანხმება. რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში, საჭირო იქნება დამატებითი შეთანხმება პარლამენტთან”, – განაცხადა სხდომის შემდეგ ვახტანგ კაპანაძემ.
უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დაგეგმილი რეფორმების შესახებაც იმსჯელეს, რა მიმართულებითაც, კაპანაძის თქმით, დასახულია საკმაოდ რეალისტური გეგმები. ცნობილია, რომ უცვლელი დარჩა სამინისტროს საბიუჯეტო პარამეტრები.
“რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიყოთ ორიენტირებული ქვეყნის თავდაცვაზე და არა შეტევითი ოპერაციების განხორციელებაზე”,- აღნიშნა ვახტანგ კაპანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები