PACE : თბილისში დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისათვის შესაფერისი გარემოა

თბილისში ვიზიტის შემდეგ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დელეგაცია საქართველოში 8 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ არსებულ კლიმატს აფასებს.
დელეგაცია, ემანუელის ზინგელისის (ლიტვა, ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური ჯგუფი) ხელმძღვანელობით, აღნიშნავს, რომ ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისათვის შესაფერისი გარემოა. საპარლამენტო ასამბლეის წევრების შეფასებით, პლურალიზმი შეიმჩნევა როგორც პოლიტიკურ, ისე მედია სფეროებში და სახეზეა ეფექტური სამართლებრივი ჩარჩო.
მიუხედავად იმისა, რომ დელეგაციის შეფასებით, გასულ არჩევნებთან შედარებით, დაძაბულობამ იკლო, სხვადასხვა დაინტერესებულ პირებთან გასაუბრების შემდეგ PACE-ს წინასაარჩევნო მისიამ აუცილებლად ჩათვალა ხაზგასმით სთხოვოს  ყველა პოლიტიკურ პარტიას, დაგმონ ოპონენტების დევნა და ძალადობა კამპანიის წარმოების პროცესში და სახალხოდ მოუწოდონ საკუთარ მხარდამჭერებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისგან, რომელიც არჩევნების დემოკრატიული ხასიათზე უარყოფით გავლენას მოახდენს.
ევროსაბჭოს დელეგაცია ასევე აღნიშნავს, რომ ყველა პარტია უნდა კონცენტრირდეს მნიშვნელოვან საკითხებზე და წინასაარჩევნო სტრატეგიის დაგეგმვისას აუცილებლად უნდა იხელმძღვანელოს საარჩევნო ჩარჩოთი.
დელეგაციამ მოუწოდა ყველა დაინტერესებულ პირს და განსაკუთრებით, ხელისუფლების წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისგან, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში  პოლიტიკურ დაძაბულობას გაზრდის. მისიის წარმომადგენლებმა ასევე გამოთქვეს იმედი, რომ ყველა პოლიტიკური ძალა ძალ-ღონეს არ დაიშურებს, რათა შექმნას განათლების  კულტურა, რომელიც დაფუძნებული იქნება განსხვავებული ორიენტაციის მქონე პოლიტიკურ ძალებს შორის ურთიერთპატივისცემაზე.
PACE-ს წინასაარჩევნო დელეგაცია, თბილისში,  13-14 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწვევით იმყოფებოდა. მისიის წარმომადგენლები შეხვდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარესა და მის პირველ მოადგილეს, PACE-ში საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებს, ცესკოს თავმჯდომარეს, შინაგან საქმეთა მინისტრს, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს; არჩევნებში მონაწილე, საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიების წარმომადგენლებს, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წევრებს, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის სადამკვირვებლო მისიასა და თბილისში აკრედიტირებულ დიპლომატებს.
ხმის მიცემის პროცესზე დასაკვირვებლად, PACE-ს 32 წევრისგან შემდგარი დელეგაცია საქართველოს სრული შემადგენლობით არჩევნების წინ ეწვევა.

ინფორმაციას ავრცელებენ:

ემანუელის ზინგერისი – ლიტვა, ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური ჯგუფი (EPP/CD)

მარივონ ბლონდინი  – საფრანგეთი, სოციალისტების ჯგუფი (SOC)

ჟორდი ჩუკლა  – ესპანეთი, ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის (ALDE)

ინგებიორგ გოდსკესენი  – ნორვეგია, ევროპის კონსერვატიული ჯგუფი (EC)

ანდრეი ჰუნკო  – გერმანია, გაერთიანებული ევროპელი მემარცხენეების ჯგუფი (UEL)

 საზედამხედველო კომიტეტის თანამომხსენებლები:

ბორის სილევიჩი (ლატვია)

კერსტინ ლუნდგრენი (შვედეთი)

http://www.assembly.coe.int

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები