გოგლა ჟვანია: ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიება წინ მიდის და დარწმუნებული ვარ, რომ გაიხსნება

„ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიება არის პოლიტიკური მნიშვნელობის გამოძიება და ბუნებრივია, ყველა იჩენს სიფრთხილეს, რაც პროცესს ართულებს”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტარმა გოგლა ჟვანიამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განუცხადა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიება წინ მიდის. მან გამოძიების გაჭიანურების ერთ-ერთ მიზეზად პროცესში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა და მასთან დაკავშირებული პროცედურები დაასახელა.
”არის შეპირება და გარანტია ხელისუფლების მხრიდან, გარდა ამისა, მაქვს მუდმივი კონტაქტი პროკურატურასთან და ვხედავ, რომ რეალურად ხელისუფლება ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიებას ცდილობს. პროცესი ახლაც გრძელდება. მიდის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები. ამ პროცესში, ბოლო პერიოდში, სხვადასხვა ეტაპზე საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა ხდება. ექსპერტების ჩართვის პროცედურა საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს. ჯერ ხდება ამ ადამიანებთან მოლაპარაკებები, ფორმალური პროცედურები, რაც ხშირად თვეობით ”იწელება”. ჩვენ საქართველოში მიჩვეული ვართ, რომ რაღაც გადაწყვეტილებას მივიღებთ და მას ჩქარა აღვასრულებთ. საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობა ცოტა დიდ დროს მოითხოვს, განსაკუთრებით ისეთ რთულ საკითხზე, როგორიცაა პოლიტიკური მნიშვნელობის საქმის გამოძიება – ეს არ არის ერთ-ერთი რიგითი კრიმინალი. ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიება ეს არის პოლიტიკური მნიშვნელობის გამოძიება და ბუნებრივია, ყველა იჩენს სიფრთხილეს, რაც პროცესს ართულებს”, – განაცხადა გოგლა ჟვანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები