გოგლა ჟვანია: ჩემი პოლიტიკაში ჩართვა დაკავშირებული იყო ჩემი ძმის მკვლელობის გამოძიებასთან

დეპუტატი გოგლა ჟვანია, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში აღარ მონაწილეობს, აცხადებს, რომ მისი პოლიტიკური მოღვაწეობა დასრულდა. როგორც გოგლა ჟვანიამ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, იგი საქმიანობის რომელიმე სხვა სახელმწიფო სტრუქტურაში გაგრძელებას გამორიცხავს.
ამასთან, როგორც დეპუტატი განმარტავს, თავის დროზე მისი პოლიტიკაში ჩართვა დაკავშირებული იყო ორ მიზანთან: – ”მანიაკალური ხელისუფლების რეჟიმის მოცილებასთან და ზურაბ ჟვანიას მკვლელობის საქმის გამოძიებასთან”.
”როდესაც ახალი სიის ფორმირებაზე დაიწყო საუბარი, მაშინვე ითქვა, რომ სია ძალიან გადახალისებული იქნებოდა. თუ არ ვცდები, ”ქართული ოცნების” სიაში 100-ზე მეტი  ახალი სახეა. მე პარტიის ხელმძღვანელობას შევხვდი, რომელთაც აინტერესებდათ ჩემი პოზიცია, ჩემი მომავალი პოლიტიკური მიზნები. მაშინ მე განვაცხადე, რომ სიაში ყოფნა ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი არ იყო და შეეძლოთ გადაწყვეტილება მათი შეხედულებისამებრ მიეღოთ. პოლიტიკაში მოსვლა ჩემი ცხოვრების მიზანი არ იყო. ეს გამოიწვია ჩემმა საზოგადოებრივმა აქტიურობამ, რომელიც დაკავშირებული იყო ჩემი ძმის მკვლელობის გამოძიებასთან. ასე ნელ-ნელა მოვხვდი ქართულ პოლიტიკაში. არც მაშინ მიაქტიურია, როცა 2012 წელს ”ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში ჩამწერეს. ჩემთვის პოლიტიკა დიდად საინტერესო საქმიანობა არ არის და პოლიტიკაში ჩემი ჩართვა გარკვეული გარემოებებით იყო გამოწვეული”, – განუცხადა ჟურნალისტებს გოგლა ჟვანიამ.
გოგლა ჟვანია, რომელიც მე-8 მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრია, 8 ოქტომბრის არჩევნებში პარტიას აღარ წარუდგენია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები