ბიძინა ივანიშვილი: ნიკა გვარამია თავად იყო მოსმენების სპეციალისტი

„ნიკა გვარამია თავად იყო მოსმენების სპეციალისტი და კადრები რომ კეთდებოდა, მთავარი პროკურორის მოადგილე გახლდათ“, – აღნიშნული განცხადება ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძის ფარულ ჩანაწერზე კომენტირებისას გააკეთა.
ივანიშვილის ვარაუდით, აღნიშნული აუდიოჩანაწერი თავად ნიკა გვარამიამ გაავრცელა, რადგან ახალმა ხელისუფლებამ უკანონო მოსმენებზე უარი თქვა.
ყოფილმა პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, გელა ხვედელიძის შემთხვევა გაიხსნება და განაცხადა, რომ ჩანაწერის გამოქვეყნებისთვის ის საკმარისად დაისაჯა.
„დღესაც გულისტკივილით ვიხსენებ გელა ხვედელიძის შემთხვევას, რომელიც იყო ”ქართული ოცნების” შტაბის უფროსი. ჩანაწერი რომ გამოქვეყნდა, არ დავზოგეთ. ერთ-ერთი დიდი მონაპოვარი ახალი ხელისუფლების იყო ის, რომ უკანონო მოსმენები და მიყურადებები შეწყდა. ერთი შემთხვევა მაინც გაქვთ, რომ ხელისუფლებამ არასანქცირებული მოსმენა და მიყურადება განახორციელა? ის, რომ ამის ყველაზე დიდი რესურსი აქვს უსაფრთხოების სამსახურს და ეჭვს იწვევს, კი ბატონო, მეც ვუერთდები ამას, მაგრამ ამას უნდა მტკიცებულებები.
გამოძიება მიდის, მაგრამ ხელისუფლება კი არ უნდა დავადანაშაულოთ, არამედ უნდა მოვთხოვოთ, გააკეთოს განმარტებები, აქვს თუ არა მიღებული მონაწილეობა ამაში.
ნიკა გვარამია თავად იყო მოსმენების სპეციალისტი და კადრები რომ კეთდებოდა, მთავარი პროკურორის მოადგილე გახლდათ. დღეს საიდან მოხვდა ტელევიზიის დირექტორად და რატომ არის იქ, არავინ კითხვას არ უსვამს. დიდი ეჭვებია, რომ მანვე გაავრცელა ეს და მას შეეძლო ყველაზე იოლად ამის გაკეთება. ნიკა გვარამიას რაში სჭირდება ჩუმად მოსმენა, ისედაც დაუფარავად ლაპარაკობს ყველაფერს.
თუმცა მან აჩვენა, როგორ უჭირავს ხელში მთლიანად პარტია. იქ კარგად ჩანს დამოკიდებულება – როგორი აღშფოთებულია გვარამია და ლამის ტყავი გააძრო კაცს, პარტიის ლიდერს, ასეთი რამ როგორ გაბედეთო და ის როგორ იმართლებს თავს”, – განაცხადა ივანიშვილმა.
ამასთან, ივანიშვილმა არასერიოზული უწოდა განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ იგი ნიკა გვარამიას ქვეყნისა და ტელევიზიის დატოვების სანაცვლოდ 5 მილიონს სთავაზობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები