„საქართველომ დაამტკიცა თავისი ურყევი პოლიტიკური ნება, წვლილი შეიტანოს საერთო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებაში“

„ნატოს წევრობა არის ქართველი ხალხის სუვერენული არჩევანი და ჩვენი მთავრობის საბოლოო მიზანი“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ატლანტიკური საბჭოს სარედაქციო დირექტორის მოადგილესთან, აშიშ კუმარ სენთან ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტი დაინტერესდა, რამდენად პრობლემურია საქართველოსთვის რუსეთის მიერ ვეტოს უფლების გამოყენება ნატოში საქართველოს შესვლასთან დაკავშირებით და რატომ არის მნიშვნელოვანი ალიანსისთვის ასეთი პრეცედენტის თავიდან აცილება?
როგორც პრემიერმა აღნიშნა, გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, მიღებული იყო ბუქარესტის სამიტზე და ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ კიდევ არაერთხელ დადასტურდა კიდეც.
„გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, მიღებული იყო ბუქარესტის სამიტზე და ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ კიდევ არაერთხელ დადასტურდა კიდეც. ასე რომ, აქ ლაპარაკია იმაზე, „როდის“ გახდება და არა „გახდება თუ არა“ საქართველო ნატოს წევრი.
როგორც საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ბოლო ვიზიტის დროს ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, ნატო იცავს იმ ფუნდამენტურ პრინციპს, რომლის მიხედვითაც ყველა სუვერენულ სახელმწიფოს აქვს უფლება, თავად განსაზღვროს თავისი გზა, უსაფრთხოების საკითხებში ამა თუ იმ გაერთიანებასა თუ სამხედრო ალიანსში გაწევრების ჩათვლით. გადაწყვეტილება საქართველოს წევრობის შესახებ ერთპიროვნულად მიიღეს ალიანსის წევრმა სახელმწიფოებმა და ეს გადაწყვეტილება გამომდინარეობდა საქართველოს დამსახურებიდან და ალიანსის უსაფრთხოებაში მის მიერ წვლილის შეტანის პერსპექტივიდან.
ნატოს წევრობა არის ქართველი ხალხის სუვერენული არჩევანი და ჩვენი მთავრობის საბოლოო მიზანი. ჩვენი ურყევი გადაწყვეტილებაა, ძალ-ღონე არ დავიშუროთ ამ მიზნის მისაღწევად. ამავე დროს, ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ წინ გამოწვევებით აღსავსე გზა გველის და ჩვენ მზად ვართ, თანამიმდევრულად მივყვეთ ამ გზას, რომელიც ამ მიზნამდე მიგვიყვანს.
ამავდროულად, ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნების ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების დაფასება იქნება ძლიერი გზავნილი, რომ 21-ე საუკუნეში მიუღებელია გავლენის სფეროთა აღორძინება და სუვერენული სახელმწიფოების საგარეო პოლიტიკის არჩევნის შეზღუდვის მცდელობები. საქართველოს გაწევრება ნატოში გააფართოებს ევროპის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ზონას, რითაც სამსახურს გაუწევს როგორც მოკავშირეთა, ისე საქართველოს საერთო ინტერესებს. საქართველომ დაამტკიცა თავისი ურყევი პოლიტიკური ნება და უნარი, წვლილი შეიტანოს საერთო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებაში. ჩვენ ნათლად ვაჩვენეთ, რომ ვეძებთ არა მხოლოდ უსაფრთხოების გარანტიებს, არამედ მზად ვართ, წვლილი შევიტანოთ საერთო უსაფრთხოებაზე ზრუნვის საქმეში“, -აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.
მისივე თქმით, გარდა ამისა, ნატოში საქართველოს წევრობა დადებითად აისახება რეგიონალურ უსაფრთხოებაზე.
„საქართველოს წარმატება ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის გზაზე იქნება შთამბეჭდავი მაგალითი, რომ ჩვენს რეგიონში შესაძლებელია დემოკრატიული ტრანსფორმაცია და საგარეო პოლიტიკის დამოუკიდებელი არჩევნის პატივისცემა“, -აღნიშნავს პრემიერი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები