პრემიერი: საშინაო საქმეების მხრივ, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმის განხორციელებაა

„საშინაო საქმეების მხრივ, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ჩვენი რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმის განხორციელებაა“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ატლანტიკური საბჭოს სარედაქციო დირექტორის მოადგილესთან, აშიშ კუმარ სენთან ინტერვიუში განაცხადა.
ატლანტიკური საბჭოს სარედაქციო დირექტორი დაინტერესდა რეფორმების განხორციელების მხრივ, რომელ საკითხებს ანიჭებს საქართველო პრიორიტეტს. პრემიერმა რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმის დეტალებზე ისაუბრა.
„საშინაო საქმეების მხრივ, ჩვენი მთავარი პრიორიტეტია ჩვენი რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმის განხორციელება, რომლებიც მიზნად ისახავს ქვეყნის მოდერნიზაციის დაჩქარებას და სარგებელს მოუტანს საქართველოს ყველა მოქალაქეს, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს. ამ გეგმის ფარგლებში პრიორიტეტულ მიმართულებებში შედის გადასახადების შემდგომი ლიბერალიზაცია, რაც ხელს შეუწყობს ზრდაზე ორიენტირებული საგადასახადო სისტემის შექმნას და საქართველოს საგადასახადო სისტემის დაახლოებას ესტონეთის საგადასახადო მოდელთან, რომელიც გულისხმობს ყველა ბიზნესის გათავისუფლებას მოგების გადასახადისგან, თუკი ისინი არ ახორციელებენ დივიდენდების გაცემას. ახალი წესები ძალაში შევა 2017 წლის იანვარში. გარდა ამისა, ჩვენ ვგეგმავთ მთავარი გზატკეცილების მშენებლობის დაჩქარებას, რათა მოხდეს მათი ინტეგრირება რეგიონალურ სატრანსპორტო ქსელში. ეს კი გააძლიერებს საქართველოს როლს ახალი აბრეშუმის გზის ფარგლებში და წარმოაჩენს საქართველოს, როგორც ტურიზმის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ცენტრს“, – აცხადებს საქართველოს მთავრობის მეთაური.
მისი თქმით, ტურიზმი არის საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალა, რომელიც უზრუნველყოფს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
„მსოფლიოს ყველა კუთხიდან საქართველოში ჩამოსული ტურისტების რაოდენობა თითქმის ყოველწლიურად იზრდება. ჩვენი სასტუმროები სრული დატვირთვით მუშაობენ, ხოლო ახალი სასტუმროების მშენებლობა წარმოადგენს საქართველოს ინფრასტრუქტურული განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მახასიათებელს. ჩვენ ასევე ვამახვილებთ ყურადღებას განათლების სისტემის რეფორმაზე, რომლის ფარგლებშიც, მიზნად ვისახავთ ზოგადი და უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, რათა უზრუნველყოფილი იყოს დარღვეული ბალანსი პროფესიონალ კადრებზე მოთხოვნასა და მიწოდებას შორის. დაბოლოს, ღია მმართველობის ხელშეწყობით, ჩვენ მიზნად ვისახავთ საკანონმდებლო პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის ხარისხის შემდგომ გაზრდას და საჯარო მომსახურების მოდერნიზაციას“,- აღნიშნავს პრემიერი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები