გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ ვთვლით, რომ საქართველო კიდევ უფრო ახლოს არის ნატოს წევრობასთან

„დიახ, ჩვენ ვთვლით, რომ საქართველო კიდევ უფრო ახლოს არის ნატოს წევრობასთან“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ატლანტიკური საბჭოს სარედაქციო დირექტორის მოადგილესთან, აშიშ კუმარ სენთან ინტერვიუში შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც პრემიერი აღნიშნავს, ვარშავის სამიტმა ცხადყო, რომ საქართველო წარმატებით მიიწევს წინ ნატოს წევრობისკენ, როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული თანამშრომლობის კუთხით.
„მოკავშირეებმა დაადასტურეს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ინტეგრაციის პროცესი წარმატებით ვითარდება და საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ნატოში გაწევრებისთვის მოსამზადებლად.
შეთანხმდნენ, რომ უზრუნველყოფენ დამატებით მხარდაჭერასა და დახმარებას საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების განსამტკიცებლად. ეს მნიშვნელოვანი უახლესი გადაწყვეტილებები მოიცავს: ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრის დაკავშირებას მოკავშირეთა ტრანსფორმაციის სარდლობის საწვრთნელ და საგანმანათლებლო საქმიანობასთან; საქართველოს საჰაერო თავდაცვისა და საჰაერო დაზვერვის მხარდაჭერას; ტრასტის შექმნას ნატო-საქართველოს ერთობლივი პროექტების ეფექტიანად განხორციელების ფინანსური მხარდაჭერისთვის.
მოკავშირეებმა ხაზი გაუსვეს იმას, რომ როგორც არსებული, ისე ახალი ინიციატივები ეხმარება საქართველოს, როგორც წევრობის მსურველ ქვეყანას, ნატოში გაწევრიანებისთვის მომზადების გზაზე.
„კიდევ ერთი ძლიერი გზავნილი გაჟღერდა 7-8 სექტემბერს, სამიტიდან სულ რაღაც ორი თვის შემდეგ, როცა ჩრდილოატლანტიკური საბჭო ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში, რათა განხილულიყო ვარშავის გადაწყვეტილებების გატარების პრაქტიკული გზები. ეს იყო საბჭოს რიგით მეოთხე ვიზიტი“, – აცხადებს პრემიერი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები