„ნაციონალური მოძრაობა“ ქმნის ორგანიზაციებს, რომლის ამოცანა ქვეყანაში სიტუაციის რადიკალიზაციაა”

„ნაციონალური მოძრაობა“ ქმნის ორგანიზაციებს, როგორიცაა „საქართველოს ერთგულების სახელით“, რომელსაც პირდაპირ აქვს ამოცანად ის, რომ ქვეყანაში სიტუაციის რადიკალიზაცია მოახდინოს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს შს მინისტრის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
მისივე მტკიცებით, მათ ქვეყანაში სიტუაციის რადიკალიზაცია სურთ, თუმცა ხელისუფლება არავის მისცემს უფლებას, საქართველოში სიტუაცია არიოს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, ინტერესებში შედის სიტუაციის რადიკალიზაცია. ეს განცხადება ეყრდნობა კონკრეტულ ინფორმაციას, რომლის გამოქვეყნების ვალდებულება მინისტრს არ გააჩნია. ჩვენ ვალდებულნი ვართ, პრევენციული ხასიათის განცხადება გავაკეთოთ იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ სიტუაციის რაიმე კუთხით დაძაბვა.
ისინი უარყოფენ, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ქმნიან ორგანიზაციებს, როგორიცაა „საქართველოს ერთგულების სახელით“, რომელსაც პირდაპირ აქვს ამოცანად ის, რომ ქვეყანაში სიტუაციის რადიკალიზაცია მოახდინოს – მანქანებით დაბლოკონ შესასვლელები, გამოსასვლელები, და ა.შ. ეს ინფორმაციები არსებობს და ეს არის კანონიერი გზებით მოპოვებული ინფორმაციები.
ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, რომ სიტუაცია აურიოს საქართველოში. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ იყოს მშვიდობიანი არჩევნები. საქართველოს ხელისუფლება კანონით მინიჭებულ ყველანაირ უფლებას გამოიყენებს, რომ რადიკალიზაცია თავიდან ავიცილოთ. საქართველოში არც 2003 წელია, რომ რაღაც პარალელები ავლონ და არც სხვა პარალელების გავლენა არ მინდა, როცა ასეთი რაღაცეები ხდებოდა. ჩვენ შეგვწევს ძალა, რომ დავიცვათ პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია და ის გზა, რომლითაც დღეს საქართველო მიდის.
ეს გზა არის დემოკრატიის გზა, სიტყვის თავისუფლების, ადამიანის უფლებების დაცვის გზა და არავითარ შემთხვევაში არ მივცემთ არავის უფლებას, რომ ამ გზიდან რამენაირად გადაუხვიოს საქართველომ. პოლიცია კანონით მინიჭებულ უფლებებს, რა თქმა უნდა, გამოიყენებს, რომ არ მოხდეს დაძაბულობა.
რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების უფრო მაღალი მზადყოფნის სტატუსში გადაყვანას, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ უზრუნველვყოთ მშვიდობიანი, ყველანაირი დაძაბულობისგან თავისუფალი არჩევნები.
ეს არის აუცილებელი. ჩვენ საერთოდ უარი ვთქვით კონტრაქციების ჩატარებაზე და ესეც მინდა რომ გავაჟღერო, რომ მზად ვართ, ამ კუთხით რაიმე სახის მემორანდუმიც კი შევთავაზოთ პოლიტიკურ ძალებს – არ ჩავატაროთ კონტრაქციები ანუ იქ, სადაც ერთი პოლიტიკური ძალა ატარებს შეხვედრას თავის ამომრჩევლებთან, არ მივიდეს მასთან დაპირისპირებული პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი.
ეს იმისთვის არის საჭირო, რომ თავიდან ავიცილოთ შეხლა-შემოხლა. სწორედ ამიტომ მე გავეცი ბრძანება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს იმდენი წარმომადგენელი იყოს იქ ახლო-მახლოს (რა თქმა უნდა, ზეწოლაზე არ არის საუბარი და წარსულში დარჩა, როცა შინაგან საქმეთა სამინისტრო ატარებდა არჩევნებს. ასეთი რამ საქართველოში აღარ განმეორდება და არ არის საჭირო ახლა ილუზიები და პარალელების გაკეთება), რომ თავიდან ავიცილოთ დაძაბულობა. ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად მშვიდად მივიდეთ არჩევნებამდე, ჩავატაროთ ის და უზრუნველვყოთ, რომ როგორც პირველი ტურის, ასევე პირველსა და მეორე ტურს შორის პერიოდი იყოს თავისუფალი ყველანაირი შეხლა-შემოხლისგან. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ძალიან კარგი იქნება პროვოკაციული ქმედებებისგან თავი შევიკავოთ. მე ეს მოვუწოდე, პირველ რიგში, ჩვენს მომხრეებს რამდენიმე დღის წინ და რა თქმა უნდა, ეს ეხება ოპოზიციასაც.
თუ იქნება პროვოკაციული ქმედებები, უმჯობესია, რომ პოლიცია ჩადგეს იქ და თავიდან ავიცილოთ დაპირისპირება“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები