ჯაბა სამუშია: „ნაციონალური მოძრაობა“ საზოგადოებას დღესაც ტყუილებზე აგებულ ინფორმაციას აწვდის

„ნაციონალური მოძრაობა“ საზოგადოებას დღესაც ტყუილებზე აგებულ ინფორმაციას აწვდის”, – ამ სიტყვებით ეხმაურება საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშია ბოლო დროს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.
ჯაბა სამუშია, დედაქალაქის ინფრასტრუქტურის მოწყობასთან დაკავშირებულ ხარჯებზე განმარტებას აკეთებს და აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის ბიუჯეტიდან პარტიის აგიტატორებს აფინანსებდა.
„მინდა მაგალითად მოვიყვანო ის კვლევები, რომლებიც ჩატარდა თბილისში, საგზაო ინფრასტრუქტურისა და სატრანსპორტო კვანძების კვლევის თაობაზე და რომელთან დაკავშირებითაც „ნაციონალური მოძრაობა“ ბოლო რამდენიმე დღეა გაურკვეველ ინფორმაციასა და ტყუილებს ავრცელებს, რომ თითქოს ეს პროექტი ჩატარდა მხოლოდ და მხოლოდ სააკაძის მოედნისათვის და თბილისის ბიუჯეტიდან რამდენიმე ასობით ათასი ლარი დაჯდა. ეს ტყუილია, ეს კვლევები ჩატარდა თბილისის მნიშვნელოვან ექვს უბანში. ეს უბნებია როგორც სააკაძის, ასევე 26 მაისის მოედანი, ჟვანიას მოედანი, გამსახურდიას გამზირი, კანდელაკისა და შარტავას ქუჩები. ამ ტერიტორიებზე დღის სხვადასხვა მონაკვეთში როგორია სატრანსპორტო ნაკადები, სწორედ ამ მიზნით იქნა კვლევა ჩატარებული და ამისათვის თბილისის ბიუჯეტიდან 80 000 ლარი დაიხარჯა“, – განაცხადა სამუშიამ.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ეს ყველაფერი უცხოა, რადგან ისინი თბილისის ბიუჯეტიდან „უფრო მნიშვნელოვან“ პროექტებს ახორციელებდნენ, როგორიცაა პარტიის აგიტატორების დაფინანსება.
სამუშიას თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ასევე საუბრობს, რომ სააკაძის მოედნის რეკონსტრუქციაზე მილიონი ლარი დაიხარჯა.
„ტყუილია, სააკაძის მოედნის რეკონსტრუქცია, მათ შორის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, გზის საფარის დაგება, მთლიანობაში 60%-ით იაფი დაჯდა. საუბარია ასევე ხიდებთან დაკავშირებით. რა დღეში იყო ბარათაშვილის, მეტეხის ხიდები მაშინ, როდესაც ათობით მილიონი იხარჯებოდა გაურკვეველი დანიშნულებისა და ფორმის შენობის ასაგებად. ბარათაშვილის ხიდი იყო კატასტროფულ სიტუაციაში და ნებისმიერ დროს შეიძლებოდა ტრაგედია დატრიალებულიყო. დიახ, ჩვენ უარი ვთქვით ფასადურ პროექტებზე და დავიწყეთ საკმაოდ სერიოზული ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარება“, – განაცხადა სამუშიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები