“ნებისმიერ შემთხვევაში, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ პოლიცია იყოს უჩინარი არჩევნების დროს“

„ნებისმიერ შემთხვევაში, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ პოლიცია იყოს უჩინარი არჩევნების დროს“, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა საბურთალოს მე-4 ოლქში, თამარ ხიდაშელმა „კვირას“პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ხიდაშელი შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებას ეხმაურება, სადაც მინისტრმა უსაფრთხოების პრევენციის შესახებ ისაუბრა.
“ზუსტად არ ვიცი მინისტრის ბრძანებაში რა წერია, ვერ მოვასწარი ინფორმაციის მიღება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, პოლიციის ზედმეტი მობილიზება შექმნის განწყობას, რომ ხელისუფლება ცდილობს ზემოქმედებას არჩევნებზე.
ხელისუფლებას არ აქვს უფლება, არჩევნები ჩაატაროს პოლიციური კონტროლით“, – განაცხადა თამარ ხიდაშელმა.
„რესპუბლიკელი“ კანდიდატი აცხადებს, რომ საარჩევნო გარემო საკმაოდ მშვიდია.
“მე ვხვდები მოსახლეობას, არანაირი ბარიერი არ შემქმნია და არანაირი ხელისშემშლელი ფაქტორი და დაბრკოლება არ მქონია, როგორც საჯარო შეხვედრის, ასევე კარდაკარ სიარულის დროს.
რა თქმა უნდა, ხელისუფლებას მეტი ინფორმაცია აქვს მოსალოდნელ საფრთხეზე, მაგრამ მე ასეთი გამკაცრებული პრევენციის აუცილებლობას ვერ ვხედავ“, – განმარტა თამარ ხიდაშელმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
თამარ ხიდაშელი არ ეთანხმება ბოლოდროინდელ კვლევებს და თვლის, რომ „რესპუბლიკელებს“ ბარიერის გადალახვის პრობლემა არ ექნებათ.​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები