ირაკლი კობახიძე: პარადოქსია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი მართლმსაჯულებაზე აპირებს საუბარს

პარადოქსია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ერთი საათის განმავლობაში აპირებს მართლმსაჯულებაზე და ადამიანის უფლებების საკითხზე საუბარს, – ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „არჩევანის“ წამყვანის კითხვას, თუ რამდენად თავისუფალია დღეს სასამართლო სისტემა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, 2012 წლამდე, სასამართლო სისტემაში იყო ტოტალური კონტროლი და ტოტალური გავლენა პროკურატურის მხრიდან. მისი თქმით, ყველა საქმე პროკურატურაში იწერებოდა და ამ პროცესს ზურაბ ადეიშვილი წარმართავდა.
„მართლმსაჯულების სფეროში ჩვენ გვაქვს ფუნდამენტური წინსვლა და ფუნდამენტური გარღვევა. ყველას კარგად გვახსოვს რა ხდებოდა სასამართლო სისტემაში 2012 წლამდე. იყო ტოტალური კონტროლი, ტოტალური გავლენა პროკურატურის მხრიდან, ყველა საქმე ფაქტიურად პროკურატურაში იწერებოდა, პროკურორი ზურაბ ადეიშვილი წარმართავდა მთელ ამ პროცესს. სრული კონტროლი იყო მართლმსაჯულებაზე და ეს ყველაფერი აისახებოდა, რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობაზე.
შეგვიძლია სტატისტიკა მოვიშველიოთ სისხლის სამართლის სფეროში, ადმინისტრაციულ საქმეთა სფეროში და სამოქალაქო საქმეთა სფეროში. ამასთანავე, შეგვიძლია მოვიყვანოთ წინასწარი პატიმრობის სტატისტიკა, ორმაგი ცვლილება გვაქვს ამ კუთხით. ეს ყველაფერი არის იმ რეფორმების შედეგი, რა რეფორმებიც გაატარა „ქართული ოცნებამ“ სასამართლო სისტემაში.
რეფორმები არ იყო მთავარი, მთავარი იყო პოლიტიკური ნება – ტოტალური კონტროლისგან, სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმისგან, ადეიშვილის რეჟიმისგან გათავისუფლდა სასამართლო და სწორედ ეს გათავისუფლება გახლდა საფუძველი იმისა, რომ დღეს, სასამართლოში ადამიანის უფლებები არის დაცული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები