იუსტიციის სამინისტრო სასამართლოს რეფორმირების მიმართულებით კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს რეფორმას გეგმავს

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით ახლადშექმნილი კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საბჭოს წევრებმა საერთო სასამართლოების სისტემაში იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული კომერციული კოლეგიების/პალატების შექმნის გეგმა განიხილეს. სასამართლო რეფორმის რამდენიმე ეტაპის წარმატებით განხორციელების შემდეგ, რომელიც სასამართლო სისტემისა და მართლმსაჯულების ინსტიტუციურ განვითარებას ემსახურება, იუსტიციის სამინისტრო სასამართლოს რეფორმირების მიმართულებით კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს რეფორმას გეგმავს, რომელიც კომერციული და საგადასახადო დავების განხილვისათვის სპეციალური ცოდნის მქონე მოსამართლეთაგან შემდგარი კოლეგიების/პალატების შექმნას ითვალისწინებს, მათი მიზანი ბიზნესდავების სწრაფად და ეფექტიანად გადაწყვეტა იქნება. რეფორმის შედეგად გაიზრდება მართლმსაჯულების სისწრაფე და ხარისხი კომერციული დავების მოგვარების საქმეში, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში საინვესტიციო კლიმატის მკვეთრ გაუმჯობესებას; ინვესტიციების, მათ შორის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, მოცულობის ზრდას და, აქედან გამომდინარე, ეკონომიკისა და მისი ზრდის ტემპის შემდგომ ამაღლებას. რეფორმის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგი სამოქალაქო კოლეგიების განტვირთვა და დაგროვილ საქმეთა მოცულობის შემცირება იქნება.
რეფორმის იდეა საქართველოს მთავრობამ მოიწონა და მას კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ეგიდით იუსტიციის სამინისტრო წარმართავს, კონსულტაციას კი უწყებას შპს „Dechert Georgia“ გაუწევს, რომელიც საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული კომპანია „დეკერტის“ ფილიალია. „დეკერტი“ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ფუნქციონირებს და ის კარგად იცნობს კომერციულ სასამართლო სისტემებს აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, ირლანდიაში, სინგაპურსა და სხვა ქვეყნებში. „Dechert Georgia“ შეისწავლის და გააანალიზებს რეფორმის ყველა ეტაპს და იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით კომერციული კოლეგიების/პალატების შექმნის კონცეფციის სტრატეგიას, სამოქმედო გეგმასა და შესაბამის ნორმატიულ ბაზას მოამზადებს.
კომერციული კოლეგიების/პალატების შექმნისათვის საჭირო საკანონმდებლო პაკეტი საქართველოს პარლამენტს, სავარაუდოდ, 2017 წლის პირველ ნახევარში წარედგინება. პარალელურად, დაიგეგმება მოსამართლეობის კანდიდატთა საზღვარგარეთ განათლების, გადამზადებისა და ტრენინგების პროგრამები კორპორატიულ, საგადასახადო და სავაჭრო სამართალში, აგრეთვე, სამართლის სხვა შესაბამის დარგებში.
კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო უწინდელი კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი საკონსულტაციო საბჭოს უფლებამონაცვლეა. სხვა მსგავსი საბჭოების ანალოგიურად, იგი უწყებათაშორის სტრუქტურას წარმოადგენს.
საბჭოს შემადგენლობაში შედიან საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საქართველოში აკრედიტებული საერთაშორისო მისიები, აკადემიური და ბიზნესწრეები. საბჭოს მიზანი კერძო სამართლის ცალკეული მიმართულების რეფორმებისათვის წინადადებების/რეკომენდაციების შემუშავება და კანონპროექტების მომზადებაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები