საქართველოს პარლამენტში სამოქალაქო თანამშრომლობის ცენტრი გაიხსნა

პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, თბილისში, პარლამენტის სასახლეში, სამოქალაქო თანამშრომლობის ცენტრი გახსნა. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრები, ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს და მასთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის წევრები, აგრეთვე, არასამთავრობო სექტორის, დონორი ორგანიზაციების და საქართველოს პარლამენტის აპარატის წარმომადგენლები დაესწრნენ.
როგორც დავით უსუფაშვილმა განაცხადა, საქართველოს პარლამენტმა გადაწყვიტა, რომ დღეს, სამოქალაქო თანამშრომლობის ცენტრის გახსნით მსოფლიოში მიმდინარე ძალიან მნიშვნელოვან მოვლენას – მსოფლიო მასშტაბით მიმდინარე საპარლამენტო ღიაობის კვირეულის აღნიშვნას გამოხმაურებოდა.
„ჩვენ, ერთი წლის წინ, ამ ღონისძიების აღსანიშნავად, ამ პარლამენტის კედლებში ჩავატარეთ ძალიან წარმატებული საერთაშორისო კონფერენცია, სადაც 30-მდე ქვეყნის პარლამენტის წევრები გვესწრებოდნენ და საზეიმოდ აღვნიშნეთ ის ფაქტი, რომ მანამდე მექსიკაში, მეხიკოში გამართულ მსოფლიო ფორუმზე, საქართველოს პარლამენტს გადაეცა პირველი ხარისხის ჯილდო საპარლამენტო ღიაობისთვის და იმის მცდელობისთვის, რომ პარლამენტი ჭეშმარიტად გახდეს ხალხის კუთვნილება, ამ შენობაში წარმოდგენილნი იყვნენ არამარტო ხალხის რჩეულნი, არამედ ეს შენობა, თავისი საქმიანობით, იყოს ბოლომდე ღია და გახსნილი ჩვენი მოქალაქეებისთვის”, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
დავით უსუფაშვილის განცხადებით, საპარლამენტო ღიაობა აუცილებელია არამარტო იმისთვის, რომ მოქალაქეებმა დროულად მიიღონ ინფორმაცია, არამედ უფრო იმისთვის, რომ მათ დროულად მიაწოდონ პარლამენტს თავიანთი შეხედულებები, პოზიციები და შენიშვნები სხვადასხვა საკითხებზე.
„ეს შეუძლებელია, თუ არ იქნება ძალიან კონკრეტული მექანიზმები და კონკრეტული მოდელები დანერგილი საპარლამენტო ცხოვრებაში. ამ მიზნით, საქართველოს პარლამენტში შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, პარლამენტის რეგლამენტში შევიდა ცვლილება და ამიერიდან, ეს არის მყარ სამართლებრივ საფუძველზე მდგარი ინტერპარტიული ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში ძალიან აქტიურად მონაწილეობენ წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციები, სამოქალაქო სექტორის ის წარმომადგენლები, რომლებსაც აქვთ ძალიან ნაყოფიერი და ხანგრძლივი გამოცდილება პარლამენტთან ურთიერთობისა.
ჩვენ შევიმუშავეთ საკმაოდ ამბიციური სამოქმედო გეგმა, რომლის ძირითადი ნაწილი შესრულებულია და კიდევ გვაქვს იმედი, რომ 8 ოქტომბრამდე რამდენიმე საკითხს დავასრულებთ იმისთვის, რომ მომავალ პარლამენტს დავახვედროთ საკმაოდ სერიოზული ნამუშევარი ამ მიმართულებით.
ამ ყველაფრის კონტექსტში დღეს, ჩვენ გადავწყვიტეთ, საქართველოს პარლამენტში ინსტიტუციურად დავაფუძნოთ საქართველოს პარლამენტის სამოქალაქო თანამშრომლობის ცენტრი”, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, ამიერიდან, ეს ადგილი იქნება ღია იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც პარლამენტთან აქვთ სათანამშრომლო პროექტები, რომლებსაც სურთ პარლამენტში ჩაატარონ გარკვეული ღონისძიებები, შეხვედრები პარლამენტის წევრებთან, ინტერესჯგუფებთან, გამოიკვლიონ ის საკითხები, რომლებიც მათ აინტერესებთ, გამოვიდნენ სხვადასხვა ინიციატივებითა და მოსაზრებებით.
„სამოქალაქო თანამშრომლობის ცენტრი ღია იქნება ყველა იმ ორგანიზაციისთვის, ვისაც პარლამენტთან ექნება ხანგრძლივი, პროდუქტიული და ორმხრივად ხელსაყრელი თანამშრომლობის სურვილი”, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სამოქალაქო თანამშრომლობის ცენტრის გახსნა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ ეს ხელს შეუწყობს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას.
„დღეს, ჩვენ წარმოდგენილი ვართ სხვადასხვა პოლიტიკური გუნდების და ჯგუფების წარმომადგენლები იმიტომ, რომ პარლამენტი ყველასია, ყველა პოლიტიკური პარტიის და დღეიდან გახდება ყველა მოქალაქის და ყველა სამოქალაქო აქტივისტის კიდევ უფრო მეტად. გილოცავთ და იმედი მაქვს, რომ ეს იქნება კიდევ ერთი სერიოზული ნაბიჯი დემოკრატიული ინსტიტუციური განვითარებისთვის ქვეყანაში”, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, სამოქალაქო თანამშრომლობის ცენტრს გაუძღვება საქართველოს პარლამენტის აპარატი და მის მომსახურებას და მენეჯმენტს აპარატის თანამშრომლები განახორციელებენ.
სამოქალაქო თანამშრომლობის ცენტრის სტრატეგიული მიზანია საქართველოს პარლამენტის ინსტიტუციური გაძლიერება, ეფექტური საჯარო-კერძო საკანონმდებლო დიალოგის უზრუნველყოფა და საპარლამენტო ღიაობის პროცესის ხელშეწყობა. თავისი მანდატის ფარგლებში, ცენტრის საქმიანობა მიმართულია პარლამენტისა და სამოქალაქო სექტორის ეფექტიანი თანამშრომლობისკენ და ღიაა იმ სამოქალაქო თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის, რომელთაც თავიანთი ხედვებისა და პროექტების განსახორციელებლად უკვე შეთანხმებული აქვს ან მომავალში გეგმავს საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობას.
ღონისძიება გაიმართა გლობალური საპარლამენტო ღიაობის კვირეულის (GLOW) ფარგლებში, რომელიც ყოველწლიურად 12-18 სექტემბერს აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და მოწოდებაა სამოქალაქო საზოგადოებისა და პარლამენტებისადმი, რათა მათ ხელი შეუწყონ საკანონმდებლო ღიაობას და ჩართულობას კანონშემოქმედებით პროცესებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები