გიორგი მღებრიშვილი: არ შეიძლება ერთეული შემთხვევების გამო ჩირქი მოვცხოთ ღირსეულ პოლიციელებს

საქმე წარმოებაში აქვს მთავარ პროკურატურას და მე არ ვარ უფლებამოსილი, რომ გავამჟღავნო რაღაც დეტალები – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა “იმედის“ ეთერში, დემურ სტურუას გარდაცვალების საქმის თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„ძალიან ბევრი კითხვა დაისვა. მე მესმოდა – რას აკეთებს შინაგან საქმეთა მინისტრი, რატო არ აკეთებს განცხადებასო. განცხადებას არ ვაკეთებ ძალიან მარტივი მიზეზის გამო – იმიტომ, რომ საქმე წარმოებაში აქვს მთავარ პროკურატურას და მე არ ვარ უფლებამოსილი, გავამჟღავნო რაღაც დეტალები და ვისაუბრო მთავარი პროკურატურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე. დაველოდები გამოძიების შედეგებს, დაველოდები სასამართლოს განაჩენს და შესაბამისად მივიღებ ადეკვატურ გადაწყვეტილებებს“,- აღნიშნა მინისტრმა.
რაც შეეხება იმას, თუ რას აკეთებს უწყება დემურ სტურუას წერილში მოხსენიებული პოლიციელის დასაკავებლად, რომელიც მიმალვაში იმყოფება, შს მინისტრი აცხადებს, რომ მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები.
„სტანდარტულ პროცედურებს ვახორციელებთ, რასაც ჩვეულებრივი ძებნილი ადამიანების მიმართ. სისტემაში 40 ათასამდე ადამიანი მუშაობს, დარწმუნებული ვარ, რომ უმეტესობა არის პროფესიონალი და თავისი ქვეყნის პატრიოტი. არ შეიძლება ერთეული შემთხვევები გავავრცელოთ მთელ შინაგან საქმეთა სამინისტროზე და ჩირქი მოვცხოთ სხვა ღირსეულ პოლიციელებს. პოლიციელები დღეს და ღამეს ათენებენ თავისი სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ფასად, იცავენ ჩვენს უსაფრთხოებას, ჩვენი ოჯახების უსაფრთხოებას, ჩვენი შვილების უსაფრთხოებას და ასე ხელაღებით არავის არ მივცემ იმის უფლებას, რომ პოლიციელებს მიაყენონ შეურაცხყოფა და ერთი უღირსი პოლიციელის გამო გაისვაროს სხვა პოლიციელი. მე ბოლომდე ვიდგები პოლიციელების დასაცავად ნებისმიერი ჩემს ხელთ არსებული საშუალებებით, ხოლო მათ ვინც არღვევენ ადამიანების უფლებებს, იმათ საკადრისი პასუხი გაეცემათ.ვერავინ ვერ გაბედავს ხელის დაფარებას ვერავისზე, იმიტომ რომ ჩვენი ხელისუფლების მეთოდები ეს არ არის. თუკი ვინმე იმხილება დანაშაულში, ჩვენ ვატარებთ შესაბამის ღონისძიებებს“,- განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
მღებრიშვილის თქმით, მისი მინისტრობის პერიოდში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 24 პოლიციელი, სამსახურიდან დათხოვნილია 137 პოლიციელი, ჩამოქვეითებულია 12 თანამდებობის პირი, თანამდებობიდან გადაყენებულია 6 პოლიციელი, სასტიკი საყვედური გამოცხადებული აქვს 604 პოლიციელს, ხოლო საყვედური – 404 პოლიციელს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები