გიორგი მღებრიშვილი: მძიმე დანაშაულებების რაოდენობა ქვეყანაში საგრძნობლად დაკლებულია

ქვეყანაში მძიმე დანაშაულებების რაოდენობა საგრძნობლად დაკლებულია – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ტელეკომპანია “იმედის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.
მღებრიშვილი აცხადებს,რომ ოპოზიცია ყოველთვის საპირისპიროს ამტკიცებს,თუმცა სტატისტიკა არ იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ქვეყანაში კრიმინალი გაზრდილია.
„თუკი გადავხედავთ სტატისტიკას, მე ეს ციფრები არ მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ქვეყანაში კრიმინალი გაზრდილია. პირიქით, მე მინდა გითხრათ, რომ მძიმე დანაშაულებების რაოდენობა ქვეყანაში საგრძნობლად დაკლებულია. რა ციფრებიც არ უნდა გამოვაქვეყნოთ, ოპოზიცია ყოველთვის საპირისპიროს ამტკიცებს, ნებისმიერ შემთხვევაში ისინი ამბობენ, რომ ეს ციფრები გაყალბებულია და საუბრობენ გაზრდილ კრიმინალზე.
ორი კვირის განმავლობაში ორი საკმაოდ გახმაურებული მკვლელობა დაემთხვა ერთმანეთს, რამაც შესაძლოა, არასწორი შთაბეჭდილება გაუჩინა ჩვენს მოსახლეობას გაზრდილ კრიმინალთან დაკავშირებით, მაგრამ მე კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ამ მიმართულებით საგანგაშო არაფერია. ზოგადად დანაშაული ყოველთვის ხდებოდა, ხდება და მომავალშიც მოხდება. დანაშაული ხდება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, ევროპის, აზიის ქვეყნები. ისეთმა ევროპულმა ქვეყნებმა როგორიც არის ავსტრია, ბულგარეთი, საფრანგეთი ასევე ბელგია, ჩვენ შეგვიყვანა უსაფრთხო ქვეყნების რიცხვში. უსაფრთხო ქვეყნების რიცხვში შეყვანა გარკვეული კრიტერიუმებით ხდება და ერთ-ერთი ძირითადი კრიტერიუმი ეს არის კრიმინალის დაბალი დონე და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტი. ასე რომ, ჩვენმა ოპონენტებმა რაც უნდა ისაუბრონ, ფაქტები სხვა რამეს მეტყველებს“, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
მისი თქმით ის, რომ ქვეყანაში მძიმე დანაშაულებების გახსნის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, პოლიციის მაღალპროფესიონალიზმზე მიუთითებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები