პროკურატურამ მსჯავრდებულის მიმართ განხორციელებული სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
მთავარმა პროკურატურამ სასჯელაღსრულების N6 დაწესებულებაში ერთ-ერთი მსჯავრდებულის მიმართ განხორციელებული სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, უწყებამ გამოძიება სახალხო დამცველის აპარატიდან შესული წინადადების საფუძველზე დაიწყო.
„საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება პენიტენციური დეპარტამენტის N6 დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულის გიორგი ბერუაშვილის მიმართ განხორციელებული სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლით (დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით“, – აცხადებენ პროკურატურაში.
როგორც ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, მსჯავრდებულმა გ.ბ.–მ სახალხო დამცველის რწმუნებულებთან განაცხადა, რომ 2016 წლის 3 სექტემბერს, დაწესებულებაში მსჯავრდებულების სატელეფონო საუბრებისთვის განკუთვნილ სპეციალურ ოთახში, სატელეფონო საუბრის დასრულების შემდეგ, დაწესებულების რამდენიმე თანამშრომელმა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
კერძოდ, თანამშრომლებმა პლასტმასის ხელკეტი დაარტყეს მარცხენა ხელზე, შემდეგ კი 2–3 წუთის განმავლობაში ფეხებს ურტყამდნენ. გ.ბ.–ს თქმით, მას დაწესებულების თანამშრომლები მოცემულ შემთხვევამდე ემუქრებოდნენ სასჯელის დამატებით, თუ არ შეწყვეტდა საჩივრების წერას, მათ შორის, სახალხო დამცველთან განცხადებების გაგზავნას, ხოლო დაწესებულების უსაფრთხოების უფროსმა და სამართლებრივი რეჟიმის უფროსმა მუქარის ტონით უთხრეს, რომ შეეწყვიტა საჩივრების წერა.
მსჯავრდებულ გ.ბ.–ს სხეულზე აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანებები. ნიშანდობლივია, რომ საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულების მიერ პენიტენციური დეპარტამენტის N6 დაწესებულებაში არსებული ჟურნალების დათვალიერების შედეგად გაირკვა, რომ დაწესებულების მიერ მსჯავრდებულის დაზიანებები აღწერილი არ იყო და დაზიანებების შესახებ არც საგამოძიებო ორგანოში იყო გაგზავნილი შეტყობინება.
დაწესებულების ექიმმა მსჯავრდებული დაწესებულების საგამოძიებო ოთახში დაათვალიერა და დაზიანებები აღწერა მხოლოდ 2016 წლის 7 სექტემბერს, საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულების მოთხოვნის შემდეგ.