პროკურორი: ნოდარ ნიშნიანიძის სახლიდან ამოღებული იარაღი მას ეკუთვნის

თბილისის საქალაქო სასამართლომ იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულ ნოდარ ნიშნიანიძეს გუშინ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
საქმის პროკურორის მარიამ გოგორელიანის განაცხადებით, სახელმწიფო ბრალდებას საკმარისი მტკიცებულებები აქვს ნოდარ ნიშნიანიძის სახლში იარაღის და საბრძოლო მასალის (ვაზნების) არსებობის დასადასტურებლად.
“ნოდარ ნიშნიანიძის სახლში იარაღის არსებობა დასტურდება ჩხრეკის ოქმით, რომელზეც არც ბრალდებულს და არც მისი ოჯახის წევრებს, რომლებიც ჩხრეკის დროს სახლში იმყოფებოდნენ, შენიშვნა არ დაუფიქსირებიათ. ასევე საქმეში არსებობს გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დასტურდება, ამოღებულ იარაღზე და მჭიდზე ნოდარ ნიშნიანიძის გენეტიკური პროფილის არსებობა. გარდა ამისა საქმეში არსებობს მოწმეთა გამოკითხვის ოქმები და სხვა მტკიცებულებები, იმის დასამტკიცებლად, რომ ნოდარ ნიშნიანიძის სახლიდან ამოღებული იარაღი მას ეკუთვნის”, – განმარტა მარიამ გოგორელიანმა.
პროკურორმა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებულ პატიმრობასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოს სხდომაზე პატიმრობის გამოყენების მიზანშეწონილობა რამდენიმე არგუმენტით დაასაბუთა და განაცხადა, რომ არსებობდა ნოდარ ნიშნიანიძის მიმალვის და მისი მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, ვინაიდან ბრალდებული წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევია.
„ნოდარ ნიშნიანიძე წარსულში არაერთგზის ნასამართლევია ისეთი ძალადობრივი დანაშაულებების ჩადენისთვის, როგორიცაა ხულიგნობა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, გამოძალვა და ყაჩაღობა. მას 2007 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2008 წელს მის მიმართ გამოყენებული იქნა კანონით გათვალისწინებული შეღავათი და სააპელაციო სასამართლოში გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება, რომლის საფუძველზე განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და 4 წელი პირობითი მსჯავრი. 2013 წელს ამნისტიის საფუძველზე ნოდარ ნიშნიანიძეს შეუმცირდა სასჯელი და მოსახდელად დარჩა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და 3 წელი პირობითი მსჯავრი. მიუხედავად აღნიშნულისა იგი კვლავ ბრალდებულია განზრახი დანაშაულის ჩადენაში“, – აღნიშნა პროკურორმა და დასძინა, რომ ნასამართლეობის ცნობის მიხედვით ნოდარ ნიშნიანიძე 2014 წელს დიუსელდორფის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულია გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 95-ე მუხლით და გამოძიება მიმართავს შესაბამის ღონისძიებას აღნიშნული განაჩენის გამოთხოვისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები