გია ვოლსკი უსუფაშვილის განცხადებაზე: მჩხავანა კატის პოზიცია არასოდეს არ მოგვცემს საშუალებას, რომ მივაღწიოთ მიზანს

დავით უსუფაშვილის განცხადებას ამერიკული ბაზის საქართველოში განთავსებასთან დაკავშირებით , პარლამენტის თავმჯდომარის, „ქართული ოცნების“ ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გია ვოლსკი გამოეხმაურა და პარლამენტის თავმჯდომარე არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულა.
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დეპუტატი დაინტერესდა, რამდენად მისაღებია უსუფაშვილის ეს განცხადება მაშინ, როდესაც ქვეყანა ნატოს მიმართულებით მიდის.
„რამდენად მისაღებია ჩემთვის ამერიკული ბაზის არსებობა საქართველოში, როგორც ამას უსუფაშვილი ამბობს? უნდა დავსვათ კითხვა, რამდენად მისაღებია ეს განცხადება მაშინ, როდესაც ცნობილია, რომ ჩვენ ნატოს მიმართულებით საკმაოდ აქტიურად მივდივართ.
მე ვფიქრობ, რომ არაკომპეტენტურობა გამოსჭვივის ამ საუბრიდან და წინასაარჩევნო პერიოდში გარკვეული ნიშის დაკავების სურვილი აქვს, რომელიც დიდი ხანია უკვე დაკავებულია, ვინაიდან ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის ის ძირითადი მიმართულება, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს. ამაში, გარკვეული პერიოდი დავით უსუფაშვილიც მონაწილეობდა და ძალიან კარგად იცის მანაც და სხვებმაც, რომ ამ სვლას სჭირდება საკმაოდ დინჯი თანამშრომლობის ის რეჟიმი, რომელიც, პრინციპში, ჩვენ გაგვაჩნია.
ნატო არ შედგება მხოლოდ ერთი სტრუქტურისგან, ნატო არის ქვეყნების გაერთიანება და ამ ქვეყნებთან საკმაოდ ინტენსიური თანამშრომლობა მიმდინარეობს. ეს არის სტაბილური თანამშრომლობა, რომელიც ემსახურება საქართველოს ინტერესებს, მის უსაფრთხოებას და არა მარტო საქართველოს ინტერესებს, მსოფლიოს ინტერესებსაც, რომ საქართველო იყოს მოკავშირე ერთობ მძლავრი და მშვიდობაზე ორიენტირებული სამხედრო გაერთიანებისა“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, მიზნის მისაღწევად მჩხავანა კატის პოზიცია შედეგს არასოდეს გამოიღებს.
„მჩხავანა კატის პოზიცია არასოდეს არ მოგვცემს საშუალებას, რომ მივაღწიოთ მიზანს”,-განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები