მოწმე ბაღათურია: გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ მერაბიშვილს ახალაიას და სანოძის დაკავება შევთავაზე

„სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულები სასჯელს სასათბურე პირობებში იხდიდნენ“, – ამის შესახებ თბილისის პოლიციის ყოფილმა უფროსმა მერაბ ბაღათურიამ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილისთვის წარდგენილი ბრალდების ეპიზოდის განხილვისას სასამართლო პროცესზე განაცხადა.
პოლიციის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, მერაბ ბაღათურიამ, რომელიც მოწმის სახით დაიკითხა, პროცესზე აღნიშნა, რომ გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ იმჟამინდელ შს მინისტრ ვანო მერაბიშვილს დათა ახალაიას, ვასილ სანოძისა და ”შარდენ ბარში” მყოფი სხვა პირების დაკავება თავად შესთავაზა.
მოწმე მერაბ ბაღათურიას ინფორმაციით, სამმართველომ, რომელსაც ის იმ პერიოდში ხელმძღვანელობდა, აღნიშნული საქმის გამოძიება დაიწყო და რამდენიმე დღეში შეკრებილი ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, დადგინდა, რომ სანდრო გირგვლიანს უთანხმოება, ”შარდენ ბარში” მყოფ შსს-ს მაშინდელ მაღალჩინოსნებთან მოუვიდა.
მისივე ინფორმაციით, შეკრებილი მასალები, რომლითაც დგინდებოდა, რომ გირგვლიანთან ანგარიშსწორების ბრძანება უშუალოდ ”შარდენ ბარის” მაგიდის წევრი შსს-ს მაღალჩინოსნებისგან მოდიოდა, პირადად  შს მინისტრ ვანო მერაბიშვილს  გააცნო, რომელიც იმ დროისთვის თბილისის მთავარ სამმართველოს კურირებდა.
მოწმის თქმით, მან შესთავაზა მინისტრს, რომ აღნიშნული პირები დაეკავებინათ. როგორც მერაბ ბაღათურიამ დაკითხვისას აღნიშნა, ვანო მერაბიშვილმა სავარაუდოდ, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მოახსენა მისი ნათქვამი და ამის შემდეგ მინისტრმა თბილისის მთავარ სამმართველოსთან კონტაქტი შეწყვიტა.
”მომდიოდა ინფორმაციები, რომ სააკაშვილს უთხრეს, თბილისის პოლიცია ჩვენი ხალხის წინააღმდეგაა განწყობილიო. ამ ამბის მერე დაიწყო ჩვენს თავს ყველა უბედურება. დაგვესია კუდი, სოდი, გენინსპექცია. შემდეგ მე გამიშვეს უფროსის თანამდებობიდან და ბიჭებიც, რომლებსაც არაერთი ორდენი ჰქონდათ მიღებული, სამსახურიდან გაუშვეს. სანამ თბილისის მთავარი სამმართველოდან გამიშვებდნენ, დამიბარეს ბრიფინგზე, თუმცა არ მივედი. მერე, როცა ვუყურე ტელევიზორს, ვნახე, რომ დაუკავებიათ მხოლოდ შემსრულებლები, ბრძანების მიმცემი, რომლების დაკავებაც მე შევთავაზე, მინისტრს არ დაუკავებია. ამას ყველაფერს კი მიაწერდნენ თბილისის პოლიციას, მაგრამ რეალურად ჩვენ არაფერი გაგვიკეთებია”, – განაცხადა თბილისის პოლიციის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილისთვის წაყენებულ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალის ეპიზოდს, როგორც მოწმემ აღნიშნა, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა, სავარაუდოდ, იცოდა, თუ რომელი დანაშაულის ჩადენისთვის გასამართლებულ პირებს იწყალებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები