“ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ნიშნიანიძისგან ამოღებული იარაღიდან გაწმენდის შემდეგ ნაწარმოებია გასროლა”

სახელმწიფო ბრალდებას საკმარისი მტკიცებულებები აქვს იმისთვის, რომ დაადატუროს ნოდარ ნიშნიანიძის სახლში იარაღის არსებობა – ამის შესახებ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული ნოდარ ნიშნიანიძის საქმის პროკურორმა, მარიამ გოგორელიანმა დღევანდელი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია, რომ ნიშნიანიძისგან ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღიდან ბოლო გაწმენდის შემდეგ ნაწარმოებია გასროლა.
პროკურორის ინფორმაციით, იარაღზე ასევე აღინიშნება დენთის კვალი, რასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს გამოძიება.
”ნოდარ ნიშნიანიძის სახლში იარაღის არსებობა დასტურდება ჩხრეკის ოქმით, რომელზეც არც ერთ ოჯახის წევრს შენიშვნა არ გაუკეთებია. ასევე გენეტიკური ექსპერტიზით დასტურდება, რომ ამოღებულ იარაღზე არის ნოდარ ნიშნიანიძის გენეტიკური პროფილი. აქედან გამომდინარე, ბრალდების მხარეს აქვს შესაბამისი მტკიცებულებები იმის დასამტკიცებლად, რომ ნოდარ ნიშნიანიძის სახლიდან ამოღებული იარაღი მას ეკუთვნის”, – განაცხადა მარიამ გოგორელიანმა.
რაც შეეხება ბრალდებულის განცხადებას, რომ მას იარაღი ჩაუდეს, გოგორელიანის განმარტებით, ეს ფაქტი თავად დაცვის მხარემ უნდა დაადასტუროს შესაბამისი მტკიცებულებებით.
პროკურორმა ასევე განმარტა თუ რატომ მოითხოვა ბრალდების მხარემ აღკვეთის ღონისძიების სახით ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდება.
”ბრალდებამ პატიმრობა დაასაბუთა მისი მიმალვით საფრთხიდან გამომდინარე, ვინაიდან მუხლი, რომლითაც ნიშნიანიძეს ბრალი აქვს წაყენებული 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. აგრეთვე მისი მხრიდან დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხით, ვინაიდან წარსულში ასევე ნასამართლევია ძალადობრივი დანაშაულისთვის”, – მარიამ გოგორელიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები