“ახლა ჩვენ უნდა ვუჩვენოთ ახალი სტანდარტი, სადაც არჩევანს გავაკეთებთ არა ვიღაცის წინააღმდეგ, არამედ ვიღაცისთვის”

„2016 წლის არჩევნებზე ჩვენ უნდა ვუჩვენოთ საარჩევნო კამპანიის ახალი სტანდარტი“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სასტუმრო „რუმსში“ საერთაშორისო კონფერენციაზე – „ევროპის ცვალებადი გეოსტრატეგიული ლანდშაფტი ვარშავის სამიტის შემდეგ“ განაცხადა.
პრეზიდენტის მტკიცებით, 2012 წლის არჩევნები იყო საქართველოსთვის მნიშვნელოვანი, როგორც დემოკრატიული ძალისხმევა.
პრეზიდენტმა მოუწოდა დამკვირვებლებს 2016 წლის არჩევნების პროცესს დიდი ყურადღებით დააკვირდნენ.
„არჩევნები, რა თქმა უნდა, უნდა გაიმართოს ევროპული სტანდარტების შესაბამისად. ჩვენ მოვუწოდებთ დამკვირვებლებს, რომ ჩაერთონ და დიდი ყურადღებით დააკვირდნენ ამ პროცესს. ჩვენ ეს დაგვეხმარება როგორც ქვეყანას, რომ ჩავატაროთ დემოკრატიული არჩევნები.
ახლა ჩვენ უნდა ვუჩვენოთ ახალი სტანდარტი, სადაც არჩევანს გავაკეთებთ არა ვიღაცის წინააღმდეგ, არამედ ვიღაცისთვის, ვიღაცის ასარჩევად. ჩვენ გვინდა, რომ გადავიდეთ ევროპულ პოლიტიკურ ლანდშაფტზე. ეს არ არის მარტივი, როგორც ამომრჩევლებისთვის, ასევე პოლიტიკოსების კონტექსტში, რადგან ამომრჩევლები მიჩვეული არიან ისეთ საარჩევნო კამპანიას, სადაც ჩვენ ვსაუბრობთ სამყაროს აღსასრულზე.
ამგვარი გარემო ახლა უკვე არ არსებობს და არ არის ასეთი ტრაგიკული არჩევნის წინაპირობა. ასევე პოლიტიკოსები მიჩვეული იყვნენ ამგვარ რიტორიკას, ისინი საუბრობდნენ შავ-თეთრ ფერებში“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები