დიმიტრი ქუმსიშვილი ბელორუს კოლეგას შეხვდა

საქართველო-ბელორუსიის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილისა და ბელორუსიის სამთავრობო დელეგაციის შეხვედრაზე, რომელიც 31 აგვისტოს სახელმწიფო კანცელარიაში გაიმართა.
ბელორუსიის დელეგაციას ვიცე-პრემიერი მიხაილ რუსი ხელმძღვანელობს.
ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-ბელორუსიის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მესამე სხდომაზე განსახილველ საკითხებზე.
კომისიას საქართველოს მხრიდან უხელმძღვანელებს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ხოლო ბელორუსიის მხრიდან – ვიცე-პრემიერი მიხაილ რუსი.
სხდომის ფარგლებში დაგეგმილია მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა, ქვეყნებს შორის ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით, ხოლო სხდომის დასასრულს დაგეგმილია რამდენიმე მნიშვნელოვანი შეთანხმების გაფორმება.
შეხვედრაზე აღინიშნა პროგრესი, რომელიც საქართველო-ბელორუსიის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის ბოლო სხდომის შემდეგ არსებობს. მათ შორის, დასახელდა ერთობლივი საწარმო, რომელიც საქართველოში ტრაქტორებს აწყობს.
აღნიშნული ტექნიკა წარმოდგენილი იქნება 1 სექტემბერს ბელორუსიის ეროვნულ გამოფენაზე, რომელიც საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია“ გაიმართება.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოსა და ბელორუსიას შორის სავაჭრო მაჩვენებლების გაუმჯობესებაზე. აღინიშნა, რომ მინერალური წყლის, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გარდა ბელორუსიის ბაზარზე საქართველოში წარმოებულ სხვა პროდუქციასაც აქვს დიდი პოტენციალი.
საქართველოში ბელორუსიის სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, 1 სექტემბრიდან 4 სექტემბრის ჩათვლით, ბელორუსიის რესპუბლიკის პირველი მასშტაბური ეროვნული გამოფენა გაიმართება და მონაწილეობას მიიღებენ მსხვილი ბელორუსული საწარმოები.
ბელორუსიის ნაციონალური გამოფენა წლის განმავლობაში ბელორუსიის მხარის მიერ ქვეყნის ფარგლებს გარეთ დაგეგმილ ღონისძიებებს შორის ყველაზე მასშტაბური იქნება. მის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ბელორუსიაში ნაწარმოები პროდუქცია და კულტურული პროგრამა. ღონისძიებაში მონაწილეობას ბელორუსიის რესპუბლიკის დაახლოებით 150 კომპანია, მათ შორის მოწინავე საწარმოები მიიღებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები