ხათუნა სამნიძე ბურჭულაძეს აკრიტიკებს – „ასლან აბაშიძის შემდეგ არავის უკადრებია ამაზე ასე საუბარი“
ბურჭულაძის მიერ დღეს გაკეთებული განცხადება და დავით თარხან-მოურავის გუშინდელი განცხადებები არის საბჭოთა აზროვნების პოლიტიკოსების ფრაზები, არაკვალიფიციური, სახიფათო და ძალიან საშიში, – ასე აფასებს „რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე აღნიშნული პოლიტიკოსების განცხადებებს.
„ასლან აბაშიძის შემდეგ არავის უკადრებია ამაზე ასე საუბარი, როცა აჭარლებს გამოყოფს დანარჩენი საქართველოს მოქალაქეებისგან და მათ დაკნინებულ პოზიციაში წარმოაჩენს. ეს ძალიან სახიფათოა”,-აღნიშნა სამნიძემ
ხათუნა სამნიძემ აღნიშნა, რომ თარხან-მოურავი მეზობელ ქვეყანას, თურქეთს, რომელიც არის ნატოს წევრი, ეძახის ოკუპანტს.
„ოკუპანტი კი, არა თურქეთი, არამედ რუსეთია.ბათუმში დაბადებული ადამიანი ვარ, რომელსაც მუსლიმანი ბებია მზრდიდა. ამ ადამიანებზე უკეთ ვიცი, რა ხდება აჭარაში და გაცილებით მეტი ვიცი ამ რეგიონზე. ამ ორმა ადამიანმა არაფერი იცის და მანიპულირებენ ამ თემებით, რაც ძალიან საშიშია. ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ ასეთი პოლიტიკოსებისა და ასეთი რიტორიკისგან”, – აღნიშნა ხათუნა სამნიძემ.