„ჯორჯიან პროდაქტის” დამფუძნებელი: დღევანდელი ეკონომიკური გუნდის მიდგომითა და დამოკიდებულებით კმაყოფილები ვართ
მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან საქართველოს პრემიერ-მინისტრ, გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა ბიზნესმენებმა შეაფასეს.
კომპანია “ჯორჯიან პროდაქტის” დამფუძნებელ დავით ბარდაველიძის თქმით, ბიზნესმენები მთავრობის ეკონომიკური გუნდით კმაყოფილები არიან.
“ზოგადად, ჩვენ დღევანდელი ეკონომიკური გუნდის მიდგომით და დამოკიდებულებით კმაყოფილი ვართ, რადგან კომუნიკაცია არის არა მარტო ამ შეხვედრების, არამედ ყოველდღიურ რეჟიმში, რომლის ფარგლებშიც ყოველდღიური პრობლემები წყდება. ჩვენ 100%-ით საექსპორტო კომპანია ვართ და ქვეყანაში არის ლაბორატორების არქონის პრობლემა, რომელიც ნედლეულს გადაამოწმებს. ამისთვის საჭიროა თანამედროვე ლაბორატორიები. ბევრი აქვთ ნამუშევარი. ამ მიმართულებით წინ მივდივართ და საქართველოში იქნება ისეთი ლაბორატორია, რომელიც გადაამოწმებს ჩვენ მიერ ნაყიდ ნედლეულს. ასეთი სახის ტექნიკური კითხვებია.
საერთო ჯამში, ძალიან კარგი მიმართულებით მიდის. ვფიქრობ, ასეთი რამ, 20 წლის განმავლობაში არ ყოფილა, რადგან არის უშუალო დამოკიდებულება”, – განაცხადა ბარდაველიძემ.
კითხვაზე, როგორ აფასებს პრემიერის ინიციატივას, რომელიც გულისხმობს ეკონომიკური დანაშაულისთვის წინასწარი პატიმრობის შესაძლო გაუქმებას, ბარდაველიძემ განაცხადა, რომ სახელმწიფოს მხრიდან, მიდგომები უკვე შეცვლილია.