ეუთო-ს წევრი ქვეყნებიდან 8 ოქტომბრის არჩევნების მონიტორინგისთვის კიდევ 350 დამკვირვებელი ჩამოვა

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ODIHR) საბოლოო ანგარიშს არჩევნების დასრულებიდან დაახლოებით ორი თვის თავზე გამოაქვეყნებს.
ODIHR-ის სადამკვირვებლო მისია დღეს ოფიციალურად შეუდგა მუშაობას, რათა მონიტორინგი გაუწიოს 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში. როგორც „თბილისი მარიოტში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის საარჩევნო მისიის ხელმძღვანელ ალექსანდრე კელთჩევსკიმ განაცხადა, ისინი საქართველოში ქვეყნის ხელისუფლების მოწვევით იმყოფებიან. მისივე თქმით, ეს არის მე-13 მისია, რომელსაც ODIHR-ი საქართველოში 1999 წლიდან ახორციელებს. მისივე თქმით, მისია შედგება 12 საერთაშორისო ექსპერტისგან და 26 გრძელვადიანი დამკვირვებლისგან, რომლებიც ჯგუფებად გაიყოფიან და განახორციელებენ დაკვირვებას მთელი საქართველოს მასშტაბით.

„ჩვენ ასევე მოვითხოვეთ 350 მოკლევადიანი დამკვირვებლის გამოგზავნა ეუთო-ს წევრი ქვეყნებიდან და 350 მოკლევადიანი დამკვირვებელიც დააკვირდება კონკრეტულად საარჩევნო დღის მიმდინარეობას. მისია შეაფასებს საპარლამენტო არჩევნებს ეუთო-ს ვალდებულებებსა და და დემოკრატიული არჩევნებისთვის დადგენილ სხვა საერთაშორისო სტანდარტებთან მიმართებაში, ასევე, მის შესაბამისობას ქვეყნის კანონმდებლობასთან. დამკვირვებლები თვალყურს მიადევნებენ კანდიდატების რეგისტრაციის პროცესს, წინასაარჩევნო კამპანიას, სააარჩევნო ადმინისტრაციისა და შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მუშაობას. გარდა ამისა, მისია, სადამკვირვებლო საქმიანობის ფარგლებში მონიტორინგს გაუწევს მედიის მიერ საარჩევნო კამპანიის გაშუქებას“, – განაცხადა ალექსანდრე კელთჩევსკიმ.

მისივე თქმით, მუშაობის პერიოდში მისია შეხვდება ხელისუფლებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, კანდიდატებს, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

როგორც ალექსანდრე კელთჩევსკიმ აღნიშნა, წინასწარი შედეგებისა და დასკვნების შესახებ განცხადება არჩევნების მომდევნო დღეს გაკეთდება, ხოლო მისიის საბოლოო ანგარიში – სრული საარჩევნო პროცესის შესახებ საარჩევნო პროცესის დასრულებიდან დაახლოებით ორი თვის თავზე გამოქვეყნდება. მისივე თქმით, რამდენიმე კვირაში, კენჭისყრამდე პირველი შუალედური ანგარიში გამოქვეყნდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები