გია ვოლსკი: მოსამართლეებზე, რომლებმაც უარი თქვეს პაპუაშვილის ინსტრუქციების შესრულებაზე, ინტენსიური შეტევა მიმდინარეობს

ვფიქრობ, მოსამართლეთა ნაწილზე, რომლებმაც უარი თქვეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის ინსტრუქციების შესრულებაზე, ინტენსიური შეტევა მიმდინარეობს, – ამის შესახებ დეპუტატმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ლალი ფაფიაშვილთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„მართალი გითხრათ, დეტალები არ ვიცი კონკრეტული, მაგრამ ვიცი მთავარი ფორმულა, ეს თემა უნდა ყოფილიყო პლენუმის დღის წესრიგში, რომელსაც როგორც მოსამართლეთა მნიშვნელოვანი რაოდენობა ამბობს, გადაიდო გიორგი პაპუაშვილის ერთპიროვნული გადაწყვეტილების გამო. თვითონ კი არ უნდა სვამდეს გიორგი პაპუაშვილი კითხვებს, პასუხებს უნდა იძლეოდეს. უნდა იყოს სამართლიანი გადაწყვეტილება, თუ ადამიანი დაინტერესებულია ამა თუ იმ საკითხით, ის ადამიანი არ უნდა მონაწილეობდეს ამის განხილვაში, დეტალები არ ვიცი”, – აღნიშნა ვოლსკიმ.
დეპუტატმა მოსამართლის მიერ გახმაურებული საქმეების აცილებასთან დაკავშირებულ მიზეზებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ზეწოლის თემა უცხო არ არის.
„ზეწოლა მიმდინარეობს ინტენსიური და გიორგი პაპუაშვილმა გაცილებით მეტი პასუხები უნდა გასცეს კითხვებს, ვიდრე შეკითხვებს სვამდეს. სასამართლო ამ დღემდე მოდიოდა სერიოზული პოლიტიკური გავლენებით. მე ვფიქრობ, რომ არის მოსამართლეთა ნაწილი, რომელზეც ინტენსიური შეტევა მიმდინარეობს, რომლებმაც უარი თქვეს გიორგი პაპუაშვილის ინსტრუქციების შესრულებაზე. არის ადამიანების ჯგუფი, რომელიც კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის მხარდამჭერია. ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში იქნება განახლება, განახლებული ძალებით შეუდგება საკონსტიტუციო სასამართლო მუშაობას და ეს საკითხებიც დღის წესრიგიდან მოიხსნება”, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები