საქართველოში რამდენიმე ახალი ავტობანის მშენებლობა იგეგმება

საქართველოში რამდენიმე ახალი ავტობანის და გზის მშენებლობა იგეგმება. შესაბამისი განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გააკეთა. პრემიერმა საგზაო პროექტებზე დეტალურად ისაუბრა.
“ოთხი წლის განმავლობაში ვგეგმავთ, დავასრულოთ აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, სარფიდან დაწყებული წითელ ხიდამდე და სადახლომდე. ასევე ავაშენოთ თბილისიდან ლაგოდეხის მიმართულებით აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი ავტობანი”, – განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, ასევე იგეგმება ავტობანის აშენება მცხეთიდან ვლადიკავკაზამდე.
”რამდენადაც შესაძლებელი იქნება, ვფიქრობთ, რომ გავაფართოვოთ არსებული გზა. ინჟინრები მუშაობენ დღეს ალტერნატიულ გადაწყვეტაზეც, რომ აშენდეს ფასიანი გზა, რომელიც იქნება გვირაბებით დამაკავშირებელი. ამის შედეგად, აღარ იქნება საჭირო გუდაურის გადავლა იმისთვის, რომ ჩახვიდეთ სტეფანწმინდაში და მეორე, გვინდა, რომ ეს გზა მთლიანად ავაცილოთ დევდორაკის მონაკვეთს, სადაც ყოველწლიურად პრობლემაა, როდესაც იქ ყინული დნება”, – განაცხადა პრემიერმა.
პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, დაგეგმილია ქუთაისიდან ცაგერის და ლენტეხის გავლით სვანეთისკენ, გვირაბების მეშვეობით გზის გაყვანა.
”უახლოეს პერიოდში დაიწყება ლენტეხიდან შემოვლითი გზის მშენებლობა მესტიის მიმართულებით, უშუგულის გავლით, რაც, ვფიქრობთ, რომ კარგი იქნება ზაფხულის პერიოდისთვის. ეს გააცოცხლებს მთელ ამ გზაზე მდებარე სოფლებს, მაგრამ ეს გზა საკმარისი არ იქნება კურორტ თეთნულდის განვითარებისთვის, ამიტომ საჭიროა იქ გვირაბების აშენება. ასევე, ვფიქრობთ, რომ ქუთასიდან სამხრეთ საქართველოსკენ, აბასთუმნისკენ მიმავალი გზა ოთხ წელიწადში ავაშენოთ. დაწყებულია დაპროექტების სამუშაოები. ეს იქნება საჭირო იმისთვის, რომ ქუთაისი გავხადოთ ქვეყნის შიდა ჰაბი”, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები