კახა კალაძე: დარწმუნებულნი ვართ, რომ ძალიან მალე საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ევროპაში მოგზაურობას ვიზების გარეშე

დარწმუნებულნი ვართ, რომ ძალიან მალე საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ევროპაში მოგზაურობას ვიზების გარეშე,-ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ევროპარლამენტის „სოციალისტებისა“ და „დემოკრატების“ პროგრესული ალიანსის ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტ კნუტ ფლეკენშტაინთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ამასთან, კალაძემ საარჩევნო გარემოზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ხელისუფლება მშვიდი და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად ყველაფერს გააკეთებს.
„კნუტ ფლეკენშტაინი ჩვენი ქვეყნის ნამდვილი მეგობარი და მხარდამჭერია. ევროპელი „სოციალისტების“ პარტია „ქართული ოცნების“ პარტნიორია და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს თანამშრომლობა. სამომავლოდ ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას ვგეგმავთ, რაც კიდევ უფრო მეტად დაეხმარება ჩვენს ქვეყანას ევროპასთან დაახლოების გზაზე.
თქვენ იცით, რომ ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა განვახორციელეთ და დარწმუნებული ვართ, რომ ძალიან მალე საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ევროპაში მოგზაურობას ვიზების გარეშე და ამ მიმართულებით მინდა კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო „სოციალისტებსა“ და „დემოკრატებს“ მხარდაჭერისთვის.
როგორც ყველასთვის ცნობილია, ჩვენ ვატარებთ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. ჩვენ გვაქვს იმის პრეტენზია, საქართველოში ყველას მიეცეს შესაძლებლობა, რომ არჩევნები ჩაატაროს მშვიდ გარემოში, თავისუფალ გარემოში, ყველანაირი ზეწოლის, ყველანაირი ხელშეშლის გარეშე. ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა პოლიტიკურ სუბიექტს ეძლევა იმის შესაძლებლობა, რომ გააცნოს თავიანთი ხედვები ქვეყნის განვითარებისა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას და თავად საქართველოს მოქალაქეებმა არჩევნების გზით მიიღონ გადაწყვეტილება, როგორც ეს ევროპულ, ნორმალურ, განვითარებულ ქვეყნებშია, თუ ვინ უნდა იყოს ქვეყნის ხელისუფლებაში. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მეგობრები ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებს ხედავენ, სათანადოდ აფასებენ და აფიქსირებენ თავიანთ მხარდაჭერას. მე კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ კნუტ ფლეკენშტაინს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები