ლეონიდ ჩერნოვეცკი ქობულეთის ოლქში მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს

ლეონიდ ჩერნოვეცკი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს და ქობულეთის ოლქში მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს, – ამის შესახებ ჩერნოვეცკის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე განცხადებაშია აღნიშნული.
„გადავწყვიტე, საპარლამენტო არჩევნებზე, ქობულეთის ოლქში დეპუტატობის მაჟორიტარ კანდიდატად წარვდგე! თუმცა, პოლიტიკურ პარტიაზე უარი არ მითქვამს და არც არასდროს ვიტყვი! პარტია აუცილებლად იარსებებს და ის ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ იმუშავებს! მიუხედავად ყველაფრისა, იმ კანონპროექტებს, რომელთა შესახებაც ბევრი გესაუბრეთ და რომლებისთვისაც ხელმოწერებს ვაგროვებდით, პარლამენტში მაინც გავატარებთ! მაგრამ, ამ საპარლამენტო არჩევნებში პარტიის წარდგენა ვერ გადავწყვიტე, რადგან უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე ისეთი ათი კანდიდატიც კი ვერ ვიპოვე, რომლებიც საქართველოს კანონების შეცვლასა და მათ გაუმჯობესებას შეძლებდნენ! ქართველების ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის ჩემს მისწრაფებას ათასობით ადამიანმა დაუჭირა მხარი, მაგრამ უმრავლესობა გამოუცდელი ადამიანები არიან, ამ საქმეს კი პროფესიონალები სჭირდება! აქედან გამომდინარე, პარტია საქმიანობას მომავალში განაგრძობს და ჩვენ დეპუტატობის კანდიდატების საუკეთესო კადრების შერჩევას გავაგრძელებთ!
მე გადავწყვიტე ქობულეთში კენჭისყრა, რადგან აქ 5 წელია ვცხოვრობ. ვცხოვრობ სწორედ იმ ადამიანების გვერდით, ვისაც ჩემს კანდიდატურას მაჟორიტარი დეპუტატის თანამდებობაზე ვთავაზობ. ქობულეთელების თითოეული პრობლემის შესახებ ყველაფერი ვიცი! ჩემთვის გასაგები და ახლოა ყველაფერი ის, რაც ქობულეთის მაცხოვრებლებს აწუხებს – სიღარიბე, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა და სოციალური დახმარების უქონლობა-უპირველესად იმათთვის, ვინც ამას განსაკუთრებით საჭიროებენ-ეს ბავშვები და მოხუცები არიან. აქ არ არის სამუშაო ადგილები, არ არსებობს ახალგაზრდებისთვის სათანადო პერსპექტივა, არ შემოდის ინვესტიციები. ამ საკურორტო რეგიონს კი განვითარება სჭირდება… მე ჩამოვთვალე ის ძირითადი პრობლემები, რომელთა გადაწყვეტასაც მზად ვარ, რომ თავი მივუძღვნა! რაც მთავარია – ვიცი, ეს ყველაფერი როგორ გავაკეთო!
მე მჯერა უფლისა და თქვენი თანადგომის, რადგან მხოლოდ ჩემი ხალხის, ჩემი თანაქალაქელების კეთილდღეობა და ბედნიერება მსურს!“–განაცხადა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები