ამერიკელმა კონგრესმენებმა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელი მოინახულეს

საქართველოში ვიზიტად მყოფი ამერიკელი კონგრესმენები დანკან ჰანტერი (რესპუბლიკელი – კალიფორნია) და მარკ სენფორდი (რესპუბლიკელი – სამხრეთ კაროლინა) საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთს ეწვივნენ.
კონგრესმენები ადგილზე გაეცნენ საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას, გაესაუბრნენ ადგილობრივ მოსახლეობას და მათგან პირადად მოისმინეს არსებული რთული ჰუმანიტარული და სოციალური მდგომარეობის შესახებ.
აშშ-ის კონგრესმენების განცხადებით, მათთვის მნიშვნელოვანი იყო, პირადად გაცნობოდნენ რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკის შედეგად შექმნილ ვითარებას და იმ ფაქტორებს, რომლებიც გავლენას ახდენენ რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის ყოფაზე.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, თუ როგორ არღვევს რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს. მსოფლიომ ყურადღება უნდა მიაქციოს ამ საკითხს, რადგან იგივე, შესაძლოა, სხვაგანაც განმეორდეს”,- განაცხადა კონგრესმენმა დანკან ჰანტერმა.
„ყურადსაღებია ის ვითარება, რომელიც აქ დაგვხვდა. ჩვენ ვნახეთ დევნილების საცხოვრებელი ადგილები. გარდა ამისა, ჩვენ გავხდით თვითმხილველები საზღვრის შეცვლის აქტიური პროცესისა, რაც აქ სისტემატიურად ფიქსირდება.”- აღნიშნა კონგრესმენმა მარკ სენფორდმა.
ამერიკელი კონგრესმენები საქართველოს 27-30 აგვისტოს პერიოდში სტუმრობენ. ვიზიტის ფარგლებში კონგრესმენები შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, ასევე ადგილზე გაეცნობიან საქართვლოში განხორციელებულ რეფორმებსა და წინასაარჩევნო გარემოს.
აშშ-ის კონგრესმენებმა მოინახულეს კრწანისის სასწავლი ცენტრი. მათ კახეთის რეგიონშიც უმასპინძლეს, სადაც კონგრესმენები გაეცნენ საქართველოს კულტურულ და ისტორიულ ღირშესანიშნაობებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები