ირაკლი კობახიძე: სატელევიზიო სივრცეში ძალიან მალე აღიკვეთება ბილწსიტყვაობა და სიძულვილის ენა

2012 წლამდე ალეკო ელისაშვილის აქტიურობა არ მახსოვს, არც მისი თანამოაზრეების მხრიდან, რისი თვითმხილველიც ვართ 2012 წლის შემდეგ, – ამის შესახებ ”ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.
კობახიძე აცხადებს, რომ ალეკო ელისაშვილთან პოლემიკაში შესვლას არ აპირებს.
„2012 წლამდე მისი აქტიურობა არ მახსოვს, არც მისი თანამოაზრეების მხრიდან, რისი თვითმხილველიც ვართ 2012 წლის შემდეგ. ზოგადად გეტყვით იმ პროექტებს, რომელთა ერთ-ერთი განსახიერებაც არის ალეკო ელისაშვილი. კარგად მახსოვს, როგორ შეიქმნა ალეკო ელისაშვილისგან „რუსთავი 2”-ის მიერ ხატი, როგორც გულანთებული ადამიანის, ეს ის დრო იყო, როცა ”რუსთავი 2”-ში ბუზიც ვერ შეფრინდებოდა ”ნაციონალების” ნებართვის გარშე. ეს პროექტი დაიწყო 2012 წლამდე და გრძელდება ახლაც”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ იყო კონკრეტული პროექტები, რომლებსაც ჰყავდა კონკრეტული დამკვეთები და ამ პროექტების განმახორციელებლები იყვნენ ეს ადამიანები და იგივე გრძელდება ახლაც.
”იმ დროს, როცა ალეკო ელისაშვილი ჩართული იყო იმ პროექტების განხორციელებაში, მაშინ მე სულ გამოვხატავდი ჩემს პრინციპულ პოზიციას, სამოქალაქო ატივობების და აქციების სახით. მათ შორის უნივერსიტეტში, სადაც წლების განმავლობაში ვატარებდი ლექციებს. მე ვიყავი ერთადერთი პროფესორი, რომლმაც გააპროტესტა იქ საკონსტიტუციო ცვლილებები, რაც ”ნაციონალურმა მოძრაობამ” განახორციელა. მაშინ, როცა ალეკო ელისაშვილი ახორციელებდა ”ნაცმოძრაობის“ პროექტებს, მე გამომაგდეს თსუ-დან, ხოლო 2011 წლიდან ჩავერთე ”ქართული ოცნების” აქტივობებში”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მისი შეფასებით, ის, რაც ტელეეთერის მეშვეობით, ნატა ფერაძის და ალეკო ელისაშვილის სახით ხდება, პოლიტიკური და სამოქალაქო კულტურის განვითარების ძალიან დაბალ დონეზე მიუთითებს.
„დღეს, ის, რაც ხდება ჩვენთან – იგივე, სატელევიზიო სივრცეში ნატა ფერაძის, ალეკო ელისაშვილის სახით, არის ერთ-ერთი მკაფიო გამოხატულება იმისა, რომ ჩვენ ვართ პოლიტიკური კულტურის და სამოქალაქო კულტურის განვითარების ძალიან დაბალ დონეზე. ვითარება ძალიან მალე შეიცვლება და სატელევიზიო სივრცეში ძალიან მალე აღიკვეთება ბილწსიტყვაობა და სიძულვილის ენა“, – განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, რა ფორმით აღიკვეთება სიძულვილის ენა და ბილწსიტყვაობა, იგულისხმება თუ არა ამაში საკანონმდებლო ცვლილებები, კობახიძემ უპასუხა, რომ ხელისუფლება არანაირ რეპრესიულ ზეწოლას არ გეგმავს, უბრალოდ განვითარდება პოლიტიკური და სამოქალაქო კულტურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები