„სააკაშვილს ჩვენგან მკაფიო წითელი შუქი ჰქონდა სამხედრო ოპერაციაზე, მათ საჭიროდ ჩათვალეს, ჩვენთვის არ მოესმინათ და ამისთვის საზღაური მიიღეს“

ომი გარდაუვალი არ იყო, მაგრამ მისი ალბათობა მაღალი იყო, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორი, სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე დენიელ ფრიდი „ამერიკის ხმის“ ქართული ბიუროსთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთ-საქართველოს ომის თემაზე საუბრისას აცხდებს.
„ომი გარდაუვალი არ იყო, მაგრამ მისი ალბათობა მაღალი იყო. ალბათობა კი იმიტომ იყო მაღალი, რუსეთს უნდოდა, რომ ის მომხდარიყო. რუსეთი პროვოკაციებს მანამდე გააგრძელებდა, სანამ თავის ომს არ მიიღებდა“, – აცხადებს დენიელ ფრიდი.
ფრიდი არ ეთანხმება შეხედულებებს, რომ ამერიკის მხარდაჭერამ, რომელიც უპირობო მხარდაჭერად აღიქმებოდა, პრეზიდენტი სააკაშვილი წააქეზა, რუსეთთან კონფრონტაციული პოზიცია დაეჭირა.
„ამ შეხედულებას არ ვეთანხმები – პირველი, ამერიკის მხარდაჭერა უპირობო არ იყო და მეორე, სააკაშვილი დაუდევრად არ მოიქცა. ჩემი აზრით, მან შეცდომა დაუშვა, როცა ჯარს საომარი მოქმედების დაწყება უბრძანა. მაგრამ რუსები ყველაფერს აკეთებდნენ ქართველების პროვოკაციაზე წამოსაგებად. ჩემი აზრით, ქართველები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთისთვის პრობლემების შექმნას ცდილობდნენ, მაგრამ ეს ხომ მათი ტერიტორიაა.
სააკაშვილის აგრესიულობას რაც შეეხება, ვფიქრობ, ეს მცდარი არგუმენტია, მაგრამ ასევე მიმაჩნია, რომ ის არასწორი იყო, როცა [ჯარით] შევიდა. ეუთოს ანგარიში, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს იმაში, რომ რუსეთის პროვოკაციას წამოეგო, სწორია. იმის თქმა, რომ სააკაშვილი აგრესიული იყო, რუსეთს ომის დაწყების პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს.
ეს შეხედულება ამერიკის პოზიციასაც არასწორად წარმოაჩენს. მახსოვს, იყო საუბარი იმაზე, რომ ამერიკამ, თითქოსდა, სააკაშვილს საიდუმლო მწვანე შუქი აუნთო. მე პირადად ვიყავი ოთახში, როცა კონდოლიზა რაისმა სააკაშვილს უთხრა, რომ „სამხედრო ოპერაციის არჩევანი არ გაქვს და თავი ნუ მოგაქვს ისე, თითქოს ეს გაქვს“. მას ჩვენგან მკაფიო წითელი შუქი ჰქონდა სამხედრო ოპერაციაზე. მათ საჭროდ ჩათვალეს, ჩვენთვის არ მოესმინათ და ამისთვის საზღაური მიიღეს“, -აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორი.
რაც შეეხება იმას, თუ რამდენად ადეკვატური იყო დასავლეთის რეაქცია ამ ომზე, ადეკვატური იყო – განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსეთმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა, ფრიდი აცხადებს, რომ სანქციების დაწესება, შესაძლებელი იყო,
„დასავლეთი მაშინ გაყოფილი იყო. რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას სანქციებით არ ვუპასუხეთ. დღევანდელი შეფასებით, სანქციების დაწესება, ალბათ, შესაძლებელი იყო, მაგრამ ჩვენ ერთიანობა გვაკლდა. ამიტომ სანქციების ნაცვლად ჩვენ საქართველოს ეკონომიკის დახმარება და სტაბილიზება გადავწყვიტეთ. ამ დახმარებით, ჩვენ დანარჩენი საქართველო გადავარჩინეთ და, ვფიქრობ, ეს ეფექტური იყო“, – აღნიშნავს დენიელ ფრიდი.

კითხვაზე, რა განსხვავება იყო უკრაინასა და საქართველოს შორის – ფრიდი აცხადებს, რომ უმთავრესი განსხვავება ისაა, რომ დასავლეთი საქართველოსთან დაკავშირებით გაყოფილი იყო და უკრაინასთან დაკავშირებით კი – არა.

„უმთავრესი განსხვავება ისაა, რომ დასავლეთი საქართველოსთან დაკავშირებით გაყოფილი იყო და უკრაინასთან დაკავშირებით კი – არა. კანცლერი მერკელი სააკაშვილს ყოველთვის სკეპტიკურად აფასებდა. პრეზიდენტ სააკაშვილს ისტორიკოსები შეაფასებენ – მას ჰქონდა დადებითი მხარეები და ბევრი რამ გააკეთა საქართველოსთვის, მაგრამ ბევრი შეცდომაც დაუშვა, ამასთან, დასავლეთმა არ იცოდა, როგორ შეედგინა სანქციები. სანქციებზე უფრო მეტი ვისწავლეთ 2008 წელს, ირანის გამოცდილების შემდეგ. როცა რუსეთი უკრაინას დაესხა თავს, დასავლეთი ერთიანი იყო, გერმანიას ძლიერი პოზიცია ჰქონდა და სანქციებშიც მეტი გამოცდილება გვქონდა. ბუშის ადმინისტრაციამ ომის შემდეგ სანქციების დაწესება განიხილა. მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ დასავლეთი გაერთიანებული არ იყო, გადავწყვიტეთ, რომ მხოლოდ ამერიკის ორმხრივი სანქციები შედეგს არ მოიტანდა. გარდა ამისა, ბუშის ადმინისტრაციას დრო და ენერგია აღარ ჰქონდა დარჩენილი. რუსეთზე სანქციების დაწესების ნაცვლად, ჩვენ საქართველოს ეკონომიკის დახმარება გადავწყვიტეთ. სხვათა შორის, ამ ძალისხმევაში მაშინ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა სენატრომა ჯო ბაიდენმა დიდი დახმარება გაგვიწია“, – აღნიშნავს ფრიდი. ის ეთანხმება მოსაზრებას, რომ 2008 წელს რუსეთის დაუსჯელობმა 2014 წელს უკრაინის შედეგებამდე მიგვიყვანა.

„ვისურვებდი, რომ ამას არ ვამბობდე, მაგრამ, ვფიქრობ, მართალი ხართ. რუსებმა შესაძლოა, იფიქრეს, რომ ეს ომი გაუვიდათ. და შეიძლება იფიქრეს, რომ უკრაინის შემთხვევაშიც, დასავლეთის რეაქცია ისევე დაყოფილი იქნებოდა. ისინი შეცდნენ. ვფიქრობ, ამან ისინი გააკვირვა, რადგან, მგონი, არ ელოდნენ დასავლეთის ერთიანობას და განსაკუთრებით სანქციებს. დასავლეთს გარკვეული დრო დასჭირდა იმისთვის, რომ საქართველოში მიღებული გამოცდილება გაეცნობიერებინა. ჩემი აზრით, დასავლეთმა თავდაპირველად საქართველოს ომი ცალკეულ შემთხვევად ჩათვალა. ევროპაში იყო შეხედულება, რუსებმა ეს საქართველოს იმიტომ გაუკეთეს, რომ იქ სააკაშვილი იყო. როცა რუსეთი უკრაინას დაესხა თავს, დასავლეთმა გააცნობერა, რომ საქართველო ცალკეული შემთხვევა არ იყო“, – აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები