ეკა ბესელია: საკონსტიტუციო სასამართლოსგან ვითხოვთ სიცხადეს და კითხვებზე პასუხების გაცემას
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ე.წ. კაბელების საქმეზე სარჩელების შესაძლო შეცვლისა და „რუსთავი 2“-ის საქმეზე მოსამართლე მაია კოპალეიშვილის აცილების საკითხებზე საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან გადაწყვეტილების დროულად მიღებას ითხოვს.
როგორც ეკა ბესელიამ ტელეკომპანია “იმედის“ ეთერში განაცხადა, მისთვის გაუგებარია, რატომ გადაიდო პლენუმის სხდომა გაურკვეველი დროით, მაშინ, როცა სამუშაო ჯგუფს უნდა წარმოედგინა კონკრეტული დასკვნის პროექტი, თუ რა პოზიცია ჰქონდა სასამართლოს.
“საკონსტიტუციო სასამართლოსგან ვითხოვთ სიცხადეს და კითხვებზე პასუხის გაცემას იმ კითხვებზე, რომელიც ძალიან სერიოზულ საკითხს ეხება და
შექმნილი იყო სამუშაო ჯგუფი. 23 აგვისტოს რამდენიმე დღის პლენუმი სრული შემადგენლობით იყო შეკრებილი. ჩვენთვის საჯარო ინფორმაცია გახდა ცნობილი და მოსამართლეებმა გააკეთეს კომენტარი, რომ პლენუმი იკრიბებოდა, რათა წარმოედგინა კონკრეტული დასკვნის პროექტი, თუ რა პოზიცია ჰქონდა სასამართლოს, ვის მიერ იცვლებოდა სარჩელები, რატომ იცვლებოდა.
კითხვებზე პასუხი არ არის. ამ დრომდე სასამართლო დუმს, გაურკვეველი მიზეზით და დროით გადაიდო სხდომა. არ ვიცით, რა პასუხია ამ კითხვებზე, რატომ არ იკრიბება დღეს სასამართლო. მაშინ, როდესაც სულ ცოტა ხნის წინ “ნაციონალური მოძრაობა“ და მათთან დაკავშირებული პირები, მათ შორის “რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ამბობდა: „რატომ ჩქარობენ ეს მოსამართლეები და რატომ ხდება საქმეების ფორსირება“, შემდეგ ამბობდნენ, რომ ეს საქმეები ჭიანურდება, ახლა რატომ არ იკრიბება სასამართლო. ახლა რატომ არ ვიცით კითხვებზე პასუხები და რატომ მიჩუმდა ეს თემები?!“-განაცხადა ეკა ბესელიამ.
რაც შეეხება კითხვას, რომ როცა საკონსტიტუციო სასამართლომ გახმაურებული საქმეების განხილვა დაიწყო, მაშინ რატომ არ კეთდებოდა აქცენტი იმაზე, რომ გვარამიას მაია კოპალეიშვილთან ნათელ-მირონული კავშირი ჰქონდა, ბესელია აცხადებს, ამ და სხვა დამატებითი გარემოებების გამოკვეთისთანავე დადგა აცილების შუამდგომლობის საკითხი.