მამუკა მდინარაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო სასამართლოს ექცევა, როგორც თავის კერძო კანტორას

გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანამხადაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა თვითნებურად გადადო სხდომა, რომელზეც „რუსთავი 2″-ისა და კაბელების საქმის სარჩელების გამოცვლის ფაქტი უნდა განხილულიყო, „ქართული ოცნების” საბურთალოს მაჟორიტარი კანდიდატი მამუკა მდინარაძე განცხადებით ეხმაურება.
მამუკა მდინარაძე “ნაციონალურ მოძრაობას“ და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს აკრიტიკებს.
„ვრცელდება ინფორმაცია, რომ რამდენიმე დღის წინ გიორგი პაპუაშვილმა თვითნებურად გადადო სხდომა, რომელზეც უნდა განხილულიყო „რუსთავი 2″-ისა და „კაბელების საქმის“ სარჩელების გამოცვლის ფაქტი, რაზეც თქვენ უკვე იცით და რამდენიმე დღის განმავლობაში ამაზე მიმდინარეობდა ინტენსიური საუბარი. ვფიქრობ, „ნაციონალური მოძრაობა” უკვე ყოველგვარ ზღვარს სცდება. იგი საკონსტიტუციო სასამართლოს ექცევა, როგორც თავის კერძო შპს-ს თუ კანტორას, მაგრამ განმარტების გარეშე სასამართლოს თავმჯდომარის მიერ სხდომის გადადების ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ მას აღარ აქვს სხვა გამოსავალი. როგორც ჩანს, ის ვარაუდობს, რომ არ გამოვა ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მას და „ნაციონალურ მოძრაობას” აწყობს.
შესაბამისად, ჩნდება ორი ვერსია, ერთი გადის ამ პარტიის ხელმძღვანელებთან კონსულტაციებს, მეორე, ის ცდილობს, რომ ან ზეგავლენა მოახდინოს, ან გადაარწმუნოს მოსამართლეები, რომ მათ მიიღონ სხვაგვარი, არაობიექტური გადაწყვეტილება. მე მოვუწოდებ თითოეულ მათგანს და საკონსტიტუციო სასამართლოს რიგით თანამშრომლებს, იმოქმედონ კანონის, მორალის შესაბამისად, იმიტომ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი და ამ ინსტიტუტის დაკნინება მსგავსი ქმედებებით არ შეიძლება“, – აცხადებს მდინარაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები