მიხეილ ჯანელიძე: რუსეთის მიერ დაწყებულ სამხედრო წვრთნებს აღვიქვამთ, როგორც საფრთხის შემცველს

მიხეილ ჯანელიძე რუსეთის მიერ დაწყებულ სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიების საზღვართან ქვეყნისთვის საფრთხის შემცველად და რეგიონში დესტაბილიზაციის შემომტან ფაქტორად აფასებს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, უწყების მიერ ყველა მსგავსი დაწყებული პროცესი კონტროლდება.
„დღეს ჩვენ ვნახეთ დაუგეგმავი წვრთნებიც. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას აღვიქვამთ, როგორც საფრთხის შემცველს და დესტაბილიზაციის ფაქტორს რეგიონში და, რა თქმა უნდა, ვმუშაობთ ჩვენი პარტნიორების ინფორმირებისთვის მათთან ერთად, რათა ყველა შესაძლო სცენარი დამუშავდეს და საერთაშორისო საზოგადოება საფრთხის შესახებ ინფორმირებული იყოს“, – განაცხადა ჯანელიძემ.
რუსეთის სამხედრო-ადმინისტრაციულმა ერთეულმა, სამხრეთის სამხედრო ოლქმა მასშტაბური სამხედრო სწავლება დაიწყო. სარაკეტო ჯარებისა და არტილერიის 11 000-ზე მეტი სამხედრო 18 პოლიგონზე დაწყებულ სწავლებებში მონაწილეობს.
სამხედრო მანევრები მიმდინარეობს ჩრდილოეთ კავკასიაში, ყირიმში, ასევე სომხეთში და ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ.სამხრეთ ოსეთში დისლოცირებულ რუსულ ბაზებზე.
შეგახსენებთ, რომ რუსულმა საინფორმაციო საშუალებებმა მასშტაბური წვრთნების შესახებ ინფორმაცია დღეს გაავრცელეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები