“დღეს აღარ ერჩიან ბიზნესებს, არ იბარებენ ფინანსურ პოლიციაში, არ სთხოვენ მობილური ტელეფონის დაშლას შესასვლელში”

საქართველო მისი რეგიონებისა და მოქალაქეების მათემატიკური ჯამი არ არის და, ჩემი აზრით, არ არის სწორი ის, რომ ონს, ამბროლაურს, ცაგერს, ლენტეხს, მესტიას ერთი წარმომადგენელი ჰყავდეს, – ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ონის მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა, სადაც „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი გოჩა ენუქიძე წარადგინა.
“ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ცნობით, მთავრობის მეთაური საქართველოში მთის რეგიონების მათემატიკური დაჯამებით კმაყოფილი არ არის, ვინაიდან მიიჩნევს, რომ თითოეულ კუთხეს გააჩნია საკუთარი უნიკალური, თვითმყოფადი კულტურა, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს.
პრემიერ-მინისტრი მოსახლეობას დაჰპირდა, რომ შემოდგომაზე ამბროლაურის აეროდრომი გაიხსნება, ხოლო ტერმინალის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება.
„განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ და მათ შორის სახელმწიფო რესურსებს გამოვყოფთ შოვისა და უწერის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ თითოეულმა მოქალაქემ, რომელიც აქ ცხოვრობს, იგრძნოს ის სიკეთე, რომლის შეუქცევადი განვითარების საფუძველი დღეს უკვე ჩაყრილია. გვაქვს ძალიან აქტიური დიალოგი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და ვაპირებთ, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, გარდა იმისა, რაც იხარჯება, დამატებით 5 მილიარდ დოლარამდე დაიხარჯოს საქართველოს ინფრასტრუქტურის სწრაფ განვითარებაში – ეს არის არა მხოლოდ სატრანზიტო გზები, არამედ ტურისტული ინფრასტრუქტურა და მთავარი ტურისტული მიმართულებების გზები“, – განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მმართველი გუნდისთვის მთავარია ადამიანების ღირსება, ის თავისუფლება, რომელიც ქართველმა ხალხმა თავდაუზოგავ ბრძოლაში მოიპოვა.
„დღეს აღარ ერჩიან ბიზნესებს, არ იბარებენ ფინანსურ პოლიციაში, არ სთხოვენ მობილური ტელეფონის დაშლას შესასვლელში – ეს ყველაფერი ჩვენ გავიარეთ და წარსულში დარჩა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა საქართველოში დამწყები ბიზნესის განვითარების ფონდის შექმნის შესახებ, რომელიც ქვეყანაში მეწარმეობის სულისკვეთების შექმნას და ახალგაზრდა, დამწყები ბიზნესმენების წახალისებას ისახავს მიზნად. პირველ გამარჯვებულ კომპანიებს გიორგი კვირიკაშვილი დღეს შეხვდება.
„ეს არის უპრეცედენტო ფონდი, რომელიც სპეციალურად ახალგაზრდებისთვის ქმნის დაფინანსების მოპოვების საშუალებას, ყოველგვარი გირაოსა და უზრუნველყოფის გარეშე. მსგავსი რამ საქართველოში არ ყოფილა. ფონდი შეიქმნა საუკეთესო უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით და მას ძალიან დიდი მომავალი აქვს, იმისთვის, რომ ახალგაზრდა ინიციატივიანმა ადამიანებმა შეძლონ საკუთარი საქმის წამოწყება, რა თქმა უნდა, განათლებასთან ერთად“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები