მანანა კობახიძე: ახალი მოწვევის პარლამენტს საარჩევნო სისტემის გასასწორებლად მუშაობა მოუწევს

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე საარჩევნო ოლქების გაერთიანების საკითხს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ახალი მოწვევის პარლამენტს საარჩევნო სისტემის გასასწორებლად მუშაობა მოუწევს.
კობახიძის განმარტებით, ოლქების გაერთიანება იმის გამო მოუხდათ, რომ თითოეული ამომრჩევლის ხმა თანაბარი ყოფილიყო.
„ჩვენ მოგვიწია ამ ცვლილებების განხორციელება, რათა თითოეული ამომრჩევლის ხმა, დეპუტატის მანდატის წონა ყოფილიყო თანაბარი, ეს მოთხოვნა ჰქონდათ საერთაშორისო ორგანიზაციებს, იგივე დაგვიდგინა საკონსტიტუციო სასამართლომაც. რა თქმა უნდა, ჩვენ მივიღეთ ფაქტობრივი რეალობა, რომ მესტიას, ლენტეხს, ცაგერს, ონს ჰყავს ერთი მაჟორიტარი. გარკვეულწილად, ეს ქმნის უხერხულობას.
ალბათ მომავალ პარლამენტს მუშაობა მოუწევს, რომ გავასწოროთ სისტემა, რომელიც შესაძლოა, მთლად სამართლიანი არ არის. როდესაც საუბარია ოლქების გაერთიანებაზე, ალტერნატივა არ გვქონდა, გამომდინარე იქიდან, რომ შევინარჩუნეთ მაჟორიტარული სისტემა ამ არჩევნებისთვის და, შესაბამისად, ყველა მანდატს თანაბარი წონა უნდა ჰქონოდა “,-აღნიშნა მანანა კობახიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს ამომრჩევლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ საარჩევნო ოლქების დაყოფასთან დაკავშირებით განხორციელებული ცვლილება, რომელიც საქართველოს მოსახლეობის მათემატიკური რაოდენობით დაყოფას გულისხმობს, სამართლიანი არ არის.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, აუცილებელია, პარლამენტში საქართველოს ცალკეულ კუთხეებს წარმომადგენლობა ჰყავდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები