პრემიერი: მინდა, სიამაყით ვთქვა, რომ დღეს აღარ არსებობს ნაპრალი ჩვენს ხალხსა და ჩვენს შორის

მინდა, სიამაყით ვთქვა, რომ დღეს აღარ არსებობს ნაპრალი ჩვენს ხალხსა და ჩვენს შორის და ადამიანის ღირსება არის ის უზენაესი, რაზეც არის დამყარებული ყველაფერი საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა ლენტეხის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, სადაც გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი გოჩა ენუქიძე წარადგინა.
პრემიერმა გასული ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებულ მნიშვნელოვან ცვლილებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს საარჩევნო გარემო თავისუფალია. „დღეს ქვებით არავის ხვდებიან. ცალკეული ინცინდენტების გარდა, მთლიანად, საარჩევნო კამპანია მშვიდობიანია. სატელევიზიო სივრცეში ისმის თავისუფალი აზრი – ხშირად, შეიძლება გულსატკენი, მაგრამ თავისუფალი, – განაცხადა პრემიერმა. მთავრობის მეთაურმა ყურადღება იმ სახელმწიფო პროგრამებსაც დაუთმო, რომლებიც მეწარმეობის განვითარებას ისახავს მიზნად და გამოყო „აწარმოე საქართველოში“, რომლის ნაწილია საოჯახო სასტუმროების წახალისების პროგრამა – „უმასპინძლე საქართველოში“. პრემიერმა აღნიშნა, რომ პროგრამა, ყველა ადამიანს, ამ მიმართულებით საკუთარი ბიზნესის წამოწყებისა თუ გაფართოებისთვის, გრძელვადიან, შეღავათიან კრედიტებს სთავაზობს. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ეს კეთდება იმისთვის, რომ შეიქმნას ადგილობრივი საწარმოო პოტენციალი და მოქალაქეებმა თავი უფრო წელგამართულად იგრძნონ. თუმცა, პრემიერის განცხადებით, ეს არ ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ საწადელს მიაღწია. როგორც მან აღნიშნა, მმართველი გუნდი კარგად ხედავს, რამხელა გაჭირვებაა რეგიონებში, მაგრამ აქვს ძალიან კონკრეტული გეგმა, როგორ მიაღწიოს იმას, რომ უკვე ჩაყრილი საფუძველი თითოეული ოჯახის კეთილდღეობად გარდაიქმნას. „წელს საქართველოში 6 მილიონამდე ტურისტს ველოდებით და შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რეგიონებში რამხელა ზრდაა ტურიზმში. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ეს სიკეთე ყველა თქვენგანის ოჯახმა იგრძნოს. ლენტეხში მალე დასრულდება ყველაზე თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საავადმყოფოს მშენებლობა. ეს იქნება დიდი შვება ადგილობრივებისთვის და ეს ყველაფერი, მთის კანონთან ერთად, შექმნის წინაპირობას, რომ აქ დამაგრდეს მოსახლეობა და ახალგაზრდობა რეგიონის დატოვებაზე აღარ ფიქრობდეს. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს მნიშვნელოვანი ნაბიჯები ადგილობრივი ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარებისთვის. ჩვენ თქვენთან მოსასვლელი პირი არ გვექნება, თუ არ ავაშენეთ ლენტეხიდან მულახისკენ მიმავალი გზა, თავისი გვირაბებით. ასევე, საზაფხულო გზა უშგულის გავლით, რომელიც, ამ გზაზე მდებარე ყველა სოფლისთვის მნიშვნელოვანია. ამას ექნება უდიდესი მნიშვნელობა სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმის განვითარებისთვის, თითოეული თქვენი ოჯახის კეთილდღეობისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ საზაფხულო გზის მშენებლობა და გვირაბების პროექტზე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მუშაობა უახლოეს მომავალში დაიწყება. პრემიერის თქმით, ეს ყველაფერი გაკეთდება უსწრაფეს ტემპებში, მაგრამ ისე, რომ მთავრობა არ გადათელავს საკუთარი მოქალაქეების უფლებებს და თითოეული ადამიანის ღირსება უზენაესი და უპირველესი იქნება. გიორგი კვირიკაშვილმა მოსახლეობას მაჟორიტარობის კანდიდატი წარუდგინა და განაცხადა, რომ სვანეთს პარლამენტში წარმომადგენელი პროპორციული სიითაც ეყოლება. „ჩვენ არ მოგვწონს ის, რომ საქართველოს მოსახლეობას, რაღაც სტანდარტების მიხედვით, მათემატიკურად აჯამებენ. ყველა რეგიონს აქვს თავისი თავისებურებები, გასაჭირი, სიხარული და ყველა რეგიონი გამორჩეულია, მაგრამ ასეთია რეალობა“, – განაცხადა პრემიერმა.ლენტეხის მოსახლეობას სიტყვით ასევე მიმართა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ. მინისტრი ადგილობრივებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ ესაუბრა. „მსურს, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი დიდი პატივისცემა და მოგახსენოთ იმის შესახებ, რომ მე, ნამდვილად, არ ჩამოვსულვარ აქ იმისათვის, რათა თავი მოგაწონოთ, თუ რამდენი რამის გაკეთება შევძელი- ეს მთლიანად მთავრობის დამსახურებაა. სამწუხაროდ, მოსახლეობის ნახევარზე მეტს არ ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ თუნდაც გადაუდებელ შემთხვევაში ექიმთან მისულიყო. ეს არის თითოეული თქვენგანის უფლება და ეს არის ის, რაც გეკუთვნით. ერთადერთი, რაც შევძელით, იმის ნაწილი დაგიბრუნეთ, მე მგონი, საკმაოდ დიდი ნაწილი, რაც გეკუთვნოდათ და არა ის, რომ დაგამადლოთ, აი რამდენი რამ გავაკეთეთ. იგივე ეს საავადმყოფო, რომელიც რამდენიმე კვირაში ამუშავდება. იგივე სასწრაფო დახმარების განახლებული სადგური. მე კარგად მესმის, დამერწმუნეთ, დეტალურად ვიცი, ის დამატებითი საჭიროებები, რაც დარჩება რაიონს მას შემდეგ, რაც ძალიან მალე ეს საავადმყოფო გაიხსნება. იგივე შეეხება სასწრაფოს“,-განაცხადა დავით სერგეენკომ. მინისტრმა ასევე ისაუბრა სოციალური დახმარებების შესახებ. „ ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული რაც არის, ესაა სოციალური დახმარებები. ჩვენ ძალიან ვეცადეთ და ბოლო წლების განმავლობაში პოლიტიკური შემადგენელი მთლიანად ამოვაცალეთ ამას, როდესაც არჩევნების წინ ხდებოდა ხოლმე ათეულობით ათასი ადამიანისათვის დახმარების დანიშვნა. მესმის, რომ თითოეული ადამიანისთვის, თითოეული ოჯახისთვის დანიშნული ან განსაკუთრებით მოხსნილი სოციალური დახმარება რამდენად მტკივნეულია, მაგრამ თვალებში გიყურებთ და პირობას გაძლევთ, რომ ეს არის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკა, შეიძლება ითქვას ღირსების საკითხიც, რომ სოციალური დახმარების იმედზე კი არ იყოს მხოლოდ და მხოლოდ ადამიანი და ოჯახი, არამედ, მას ჰქონდეს ღირსეული სამუშაოს შესაძლებლობა, რომ თვითონ, ღირსეულად შეინახოს თავისი ოჯახი. თუმცა, რა თქმა უნდა, იმ ოჯახებს, ვისაც სჭირდება დახმარება, აუცილებლად დავეხმარებით“,-განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გოჩა ენუქიძემ ლენტეხის მოსახლეობასთან სიტყვით გამოსვლისას მიგრაციის პროცესის შეჩერებისა და ამისათვის, თანამედროვე გარემოს შექმნის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „მე დღეს ერთ-ერთი თქვენთაგანი ვარ, თქვენი ოჯახის მეგობარი და თქვენი ინტერესების დამცველი. მსურს ჩემი ცოდნა, უნარი, წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება გამოვიყენო იმისთვის, რომ იგრძნოთ უკეთესობა. ერთად მოვუტანოთ წარმატება და წინსვლა ჩვენს ქვეყანას. ჩვენ ერთობლივი ძალებით შევქმნით თანამედროვე გარემოს, სამუშაო ადგილებს. შევაჩერებთ მიგრაციის პროცესს და განვავითარებთ ტურიზმს, მეცხოველეობას. გონივრულად ავითვისებთ ჰიდრორესურსებს“,-განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები