“ჩვენ უზრუნველვყოფთ საქართველოში ძალიან სწრაფი განვითარების პროცესს ისე, რომ არცერთი უდანაშაულო ადამიანი არ დაისჯება”

ჩვენ უზრუნველვყოფთ საქართველოში ძალიან სწრაფი განვითარების პროცესს ისე, რომ არცერთი ბავშვის ცრემლი არ ჩამოვარდება, არცერთი უდანაშაულო ადამიანი არ დაისჯება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა ცაგერში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, სადაც გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი გოჩა ენუქიძე წარადგინა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობისთვის ადამიანის ღირსება უზენაესია.
„ეს არის უდიდესი განსხვავება ჩვენსა და სხვებს შორის. განსხვავება არის ის, რომ ჩვენ სიყვარულით ვაკეთებთ ყველაფერს. ძალიან დიდი განვითარების პროცესი იგეგმება სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმში და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ოთხი წლის თავზე თქვენ იხილავთ სრულიად სხვა, გაცილებით უფრო ფერად, გაცილებით აგუგუნებულ ქვეყანას, რომელშიც ყველა ადამიანი გაცილებით უკეთ იგრძნობს თავს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა ისაუბრა ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის უპრეცენდენტო მხარდაჭერაზე და აღნიშნა, რომ ბევრ შეძლებულ ქვეყანას არ აქვს ასეთი უნივერსალური ჯანდაცვის პროგრამა, როგორიც საქართველოს.
„დღეს მთიან რეგიონებში, ვეღარ ნახავთ სოფელსა და სოფელს შორის ფეხით მიმავალ ბავშვებს, რომლებსაც სკოლამდე მისასვლელად, ფეხით რამდენიმე კილომეტრის გავლა უწევდათ. ყველა ასეთ სოფელს ავტობუსი ემსახურება. დღეს ჩვენ ვდგავართ ოთხი წლის მიჯნაზე და მომავალი ოთხი წლისთვის გვაქვს ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილი გეგმა, როგორ უნდა მივიყვანოთ საქართველო მომავალი ოთხი წლის თავზე იმ წერტილამდე, როცა პროცესი შეუქცევადი იქნება და ყველა ოჯახი იგრძნობს შექმნილ კეთილდღეობას. ეს აბსოლუტურად რეალურია“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერის განმარტებით, იგეგმება უმაღლესი განათლების სისტემის ძირეული რეფორმა, რათა მომავალმა თაობამ, დრო და რესურსი არ დახარჯოს ისეთი პროფესიების დაუფლებაში, რომელთა სიჭარბეა. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანი რეფორმაა საჭირო საშუალო განათლებაშიც, რომლის მთავარი ღერძი უნდა იყოს დაფასებული პედაგოგი. „ჩვენ გვმართებს, ქედი მოვიხაროთ და მადლობა ვუთხრათ იმ ადამიანებს, რომლებმაც ძალიან დიდი გაჭირვების პერიოდში, გმირობის ფასად უზრუნველყვეს უწყვეტი განათლება ჩვენი მომავალი თაობისთვის. მეტი აქცენტი უნდა გავაკეთოთ მომზადების და კვალიფიკაციის ამაღლების პროცესზე და არა ტესტირებაზე, გამოცდებზე. ტესტირება საჭიროა, მაგრამ არ შეიძლება, ეს „დამოკლეს მახვილივით“ ეკიდოს ყოველთვის ჩვენი პედაგოგიური კორპუსის თავზე. მე პედაგოგის ოჯახში ვარ გაზრდილი. დედაჩემი გახლდათ უნივერსიტეტის პროფესორი. დღეს მყავს ასევე ბებია, რომელიც 96 წლის არის და 60 წლის განმავლობაში ასწავლიდა მათემატიკას საქართველოში, კომაროვის სკოლაში. ასე, რომ ჩემთვის უცხო არ არის, რამხელა შრომასთან არის დაკავშირებული ეს ყველაფერი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები